მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 10 წლისაა — ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 10 წლისაა — ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს. დღეიდან, 20 აპრილიდან, ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია, როგორც მასწავლებელთა ნომინირება, ასევე, აპლიკაციების წარდგენაც. უკვე ათი წელია, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს.

 “2017 წლიდან დღემდე, პროექტმა არაერთი საინტერესო და გამორჩეული მასწავლებელი გააცნო საზოგადოებას. წელს „The Global Teacher Prize“-ის ნაწილი, ქართული ეროვნული ჯილდო, 10 წლის ხდება. ეს ათწლეული მხოლოდ კონკურსი არ ყოფილა — ეს იყო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, აღიარებისა და საგანმანათლებლო მოძრაობის შექმნის გზა. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას აქტიურად ჩაერთონ მასწავლებლის წარდგენის პროცესში, რადგან ეს პედაგოგებისთვის საუკეთესო მოტივაციაა უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელონ პროფესიული საქმიანობა“. – განაცხადა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელმა, ირინა ხანთაძემ.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გენერალური სპონსორია. ამ წლების განმავლობაში ფონდმა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რათა მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პოპულარული და დაფასებული გამხდარიყო.

წლების მანძილზე კონკურსის ფარგლებში გავიცანით არაერთი საინტერესო, საქმის ერთგული მასწავლებელი, რომლებიც ნერგავენ ახლებური სწავლების მეთოდებს, ცვლიან სასკოლო გარემოს, საუკეთესო განათლებას აძლევენ მოსწავლეებს და მაგალითს აძლევენ კოლეგებს და ახალგაზრდებსაც. გვჯერა პროექტის შედეგები კიდევ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდება და ფონდი პარტნიორებთან, ჩართულ მხარეებთან, მასწავლებლებთან ერთად თავის დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განათლებული მომავლის აღშენებაში.“ – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

 „საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ინდივიდების, ისე ქვეყნის განვითარების პროცესში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე ათი წელია ხელს უწყობს ამ პროფესიის პოპულარიზაციასა და მასწავლებლების დაფასებას. მოხარული ვართ, რომ წელსაც ამ ინიციატივის მთავარი მხარდამჭერები ვართ და მოვუწოდებთ მასწავლებლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გააზიარონ თავიანთი გამოცდილება და გააცნონ საკუთარი საქმიანობა ფართო საზოგადოებას“. – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით, ვებგვერდზე www.tprize.ge შესაძლებელია, როგორც აპლიკაციების წარდგენა, ისე მასწავლებლების ნომინირება. მასწავლებლების წარდგენა შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათწლიანი გზა შეუძლებელი იქნებოდა პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. წლევანდელი კამპანიის მხარდამჭერები არიან:

  • გენერალური სპონსორი: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
  • მთავარი მხარდამჭერი: საქართველოს ბანკი;
  • ოქროს სპონსორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სპონსორი და მხარდამჭერი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
  • მხარდამჭერი: ალტე უნივერსიტეტი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა წარმოადგენს გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

ათი წელი, ათობით ისტორია და ერთი მთავარი იდეა — მასწავლებელი, რომელიც ცვლის მომავალს.