Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ხათუნა რაზმაძე

ხათუნა რაზმაძე

ხათუნა რაზმაძე მუშაობს  წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად, არის ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მათემატიკის კათედრის კოორდინატორი. სწავლების პარალელურად  ეწევა აქტიურ  საგანმანათლებლო  საქმიანობას    მათემატიკურ საშაბათო სკოლაში Gmschool,  რომელშიც  უძღვება მათემატიკის, წიგნიერებისა და ლოგიკის  ინტეგრირებულ სასწავლო კურსს, რომელიც გაჯერებულია არაფორმალური განათლების  ელემენტებით. თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „ბავში, ოჯახი, საზოგადოება“  სასკოლო გარემოში ინკლუზიური სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

ხათუნა რაზმაძის პედაგოგიკა ორიენტირებულია გაზარდოს შემოქმედებითი, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი და მრავალმხრივი უნარებით აღჭურვილი თაობა. მისი საგაკვეთილო პროცესი არის მრავალფეროვანი, სახალისო, შემეცნებითი, მულტიმედიური რესურსებით გამდიდრებული და ინტეგრირებული სხვა საგნებთან, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში. ხათუნას გაკვეთილები გარკვეული სახის „სათავგადასავლო ჟანრის“ ნაწარმოებია, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება, ისეთი უნივერსალური სახის მეთოდები როგორიცაა: სწავლა – აღმოჩენით,  სწავლა-თამაშით, სწავლა – კეთებით და სწავლა – მულტიმოდალური მიდგომებით.

ხათუნას მოსწავლეები გამოირჩევიან ლოგიკური აზროვნებით, შემოქმედებითი  და კრიტიკული ხედვებით, ხშირად იღებენ მონაწილეობას მათემატიკურ ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებში, არიან მიზანდასახული, წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანები, არგუმენტირებული მსჯელობით განამტკიცებენ ნააზრევს და თამამად გამოხატავენ მსმენელის წინაშე.

მისი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტებში. თუმცა ხათუნა მასწავლებლის მთავარი გამარჯვება არის დიფერენცირებული სწავლების დროს მიღებული შედეგები, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და განსაკუთრებული შესაძლებლობების მოსწავლეებთან, რომლებთანაც აქტიურად მუშაობს და ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ზრდას.

ხათუნა რაზმაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო – შემეცნებითი სახის  პროგრამისა თუ  პროექტის  განხორციელებაში, მათ შორის: სილქნეტის „საშინაო სკოლის“  ქართული ენისა და ლიტერატურის ვიდეო – გაკვეთილებში, ასევე  არის მასწავლებლის სახლის მიერ გადაღებული სასწავლო ფილმების: “კითხვის ეფექტური მეთოდები“; „კითხვისა და წერის ეფექტური მეთოდები“  მონაწილე.

ხათუნა ზრუნავს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე, რამაც უბიძგა  დაეწერა მარტივი, საინტერესო და სახალისო ტექსტები, რომლებიც პირველკლასელებს შეაყვარებდა და გაუადვილებდა  კითხვას.  ხათუნა რაზმაძე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ავტორთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო თანამედროვე, განსხვავებული და საინტერესო  საანბანო ტექსტების შექმნაში. ხათუნა არის ქართული ენისა და ლიტერატურის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანაავტორი; ოლიმპიადა „ალგორითმის“  დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი, მათემატიკისა და ქართულის ტესტების შემდგენელი. ხათუნას ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიის წახალისების მიზნით შესაძლებელი გახდა ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად  მასწავლებლების დაჯილდოვებაც.

ხათუნა თავისი პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე სისტემატიურად აწყობს პედაგოგებთან შეხვედრებს, უტარებს ტრეინინგებსა და სამოტივაციო ვიდეოსესიებს. უზრუნველყოფს სასკოლო სივრცეში თემატური კვირეულების მოწყობას, რაც თვალსაჩინოს ხდის  საგნებს შორის კავშირის აღქმას, ის დისტანციურად ასწავლის მათემატიკასა და ლოგიკას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც.

ხათუნა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ხშირად არის მიწვეული სტუდენტური ორგანიზაციებისა და არაფორმალური განათლების ცენტრებში ტრენერის ამპლუაში. ხვდება სტუდენტებს და უზიარებს გამოცდილებას, ცდილობს იყოს სწორი მაგალითის მიმცემი და  მოტივატორი ახალგაზრდების  წარმატებისა და თვითრეალიზაციის პროცესში.