Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სოფიო გოგოხია

სოფიო გოგოხია

სოფიო  გოგოხია  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია  სსიპ აფხაზეთის  N10  საჯარო სკოლაში. მისი საქმიანობის  საუკეთესო მხარე არის ის, რომ  მოსწავლეები ყოველთვის გრძნობენ საჭირო დროს დახმარებისთვის მზაობას, მასში ხედავენ ადამიანს, რომელიც  ცდილობს, მათ გვერდით იყოს  როცა ბედნიერები არიან  და განსაკუთრებით მაშინ, როცა უმძიმთ. მოსწავლეებისათვის ის არის ადამიანი, რომელიც უზიარებთ  ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე სწავლობს მათგან   და ამას  ყოველთვის სიყვარულით აკეთებს. მიიჩნევს, რომ სიყვარულის გაზიარების, გაცემისა და მიღების სიხარული მასწავლებლობას ხილულ სასწაულად აქცევს.

სოფიო  მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდით შეაყვაროს კითხვა, წერა, კინოხელოვნება, მუსიკა, მითების სამყარო. ამაში სკოლაში ჩამოყალიბებული კლუბები ეხმარება, რომელშიც ის მოსწავლეებთან ერთად თამაშობს, კითხულობს, საუბრობს, ხელს უწყობს მოსწავლეებს სხვადასხვა  პროექტის განხორციელებაში, ხატავს, უყურებს ფილმებს, მღერის, ცეკვავს როკენროლის საათის დროს ან ჩაის დღეზე საუბრობს ათას რამეზე ფინჯნით ხელში. ეს  სივრცე თავისუფალია და ის სხვა სკოლის მოსწავლეებსაც ხშირად მასპინძლობს.   მოსწავლეები ერთმანეთს უმეგობრდებიან, წარადგენენ წაკითხულ წიგნებს, თავად აღნუსხავენ საკლასო ბიბლიოთეკის წიგნებს (სოფიომ მოსწავლეებს 70-მდე წიგნი პირადი ბიბლიოთეკიდან აჩუქა, მას მოსწავლეებმაც მიბაძეს და კლასებში  კარგი   ტრადიცია დაინერგა), წაკითხული წიგნისთვის ხატავენ ილუსტრაციებს, წერენ რეცენზიებს, აანალიზებენ ფილმებს, აწყობენ ცეკვის საათებს, ეჯიბრებიან ერთმანეთს „ვეფხისტყაოსნის“ ლოტოს თამაშში.     სოფიო წარმატებით აგრძელებს სკოლის ტრადიციას, მისთვის არ არსებობს ყოფილი მოსწავლე, კურსდამთავრებულები მასთან ინარჩუნებენ კავშირს, რაც ხშირად, სკოლაში მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად საინტერესო  პროექტების  განხორციელების საშუალებას უზრუნველყოფს.

სოფიო   ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერია, რომელიც სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს.  პროექტებიდან აღსანიშნავია „ლიტერატურული ოდა“, რომელიც მეშვიდე წელია გრძელდება და თემში წიგნიერების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. უნდა აღინიშნოს კინოკლუბის „დუბლი“ საქმიანობა. „დუბლი“ 4 წელზე მეტია სკოლაში და   მართავს კინოჩვენებებს,   დისკუსიებს, მასპინძლობს სტუმრებს, ესწრება კინოფესტივალებს, მასტერკლასებს, ჩართულია ეროვნული კინოცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტში „კინო სკოლაში“.  „დუბლს“ საერთაშორისო კინოფესტივალ „სინედოკზე“ წლებია იცნობენ და გასულ ზაფხულს ორკვირიანი საზაფხულო კინოსკოლის დახურვაზე ესტუმრნენ კიდეც `CineDOC`-ის დირექტორი და კოორდინატორები. ამ აქტიურობის შედეგი ისაა, რომ 2020 წლის 27-30 ივლისს რეგიონულ ფესტივალ  „სინედოკს“  კინოკლუბი „დუბლი“ ჩხოროწყუში უმასპინძლებს.