როლანდ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. 2015 წელს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიული საქმიანობა დაიწყო მაღალმთიან აჭარაში. დღემდე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დეფიციტია. სწორედ ასეთ პრობლემას წარმოადგენდა ინგლისური ენის მასწავლებლების არარსებობა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. სკოლაში მუშაობის პარალელურად როლანდ შავაძე უწყვეტად ჩართულია პროფესიული განვითარების პროცესებში. იგი არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სამეცნიერო კვლევაც სკოლაში არსებულ აქტუალურ საკითხს, საგანმანათლებლო დისკურსში ბულინგის ლინგვისტურ თავისებურებას ეხება.
ფიქრობს, რომ მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლია, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს ხელი შეუწყოს ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. სკოლა ეს არის სივრცე, სადაც პიროვნებას განვითარების პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხედულებები უყალიბდება. სწორედ ამიტომ სასკოლო კონტექსტი მოსწავლე უნდა ეზიაროს იმ განცდას, რომ ადამიანი ყველაზე ღირებულია და სხვა დანარჩენი, რაც ადამიანთან დაკავშირებულია ან პირადი არჩევანია (მაგ. რელიგია) ან ბუნებრივი მოცემულობა (მაგ. რასა, ეთნოსი, სქესი). მოსწავლეებში მნიშვნელოვანი და მთავარი ფასეულობების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის ორგანიზებას უწევს ონლაინ შეხვედრებს, რისი საშუალებითაც მაღალმთიან რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს სხვადასხვა დარგში წარმატებულ პირებთან შეხვედრისა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ეძლევათ. როლანდმა ასევე, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ჩამოაყალიბა ლიტერატურული კლუბი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ბრიტანულ მხატვრულ ლიტერატურას. კლუბის წევრები წაკითხული ნაწარმოების შესახებ არა მხოლოდ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს, არამედ, ერთი და იმავე ეპოქაში შექმნილ ბრიტანულ და ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მსგავსება განსხვავებებზეც მსჯელობენ.
მასწავლებლის საქმიანობის უტყუარი საზომი მოსწავლეების მიღწევებია. თუ კი წლების წინ თემში უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის სერიოზული პრობლემა არსებეობდა და ამის მიზეზი სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლების დეფიციტი იყო, დღეს ამ კონკრეტული სოფლიდან არაერთი სტუდენტი სწავლას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, უშუალოდ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით აგრძელებს და საერთაშორისო პროექტებში იღებს აქტიურ მონაწილეობას. რითაც ყველაზე მეტად ამაყობს, არის ის, რომ მასწავლებლად მუშაობის პერიოდში ეროვნულ გამოცდებზე გასული მისი მოსწავლეების წარუმატებელი შედეგის პრეცედენტი არასოდეს ყოფილა.
ქვეყნის წარმატებულ მომავალს განათლებული თაობები განაპირობებენ. თუმცა ამისათვის საჭიროა უფრო მეტი კვალიფიციური კადრის მოზიდვა პედაგოგიკის სფეროში და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება. ამ თვალსაზრისით, როლანდი, როგორც კონსულტანტ-მასწავლებელი, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებში საგაკვეთილო პროცესებს ესწრება. შემდეგ მასწავლებლებთან ერთად მსჯელობს და უზიარებს მათ უცხოური ენის სწავლების მეთოდოლოგიურ სიახლეებს. იგი ავტორია განათლების დარგში არაერთი სამეცნიერო სტატიის, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ ჟურნალშია გამოქვეყნებული. თავისი სკოლის და ქვეყნის სახელით მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ გაცვლით პროგრამებში, სადაც წარმოადგენს ქვეყანას და საკუთარ სკოლას. სტიმულს აძლევს და ეხმარება მასწავლებლებს საერთაშორისო პროექტებში საკონკურსო ეტაპების გავლაში.
როლანდ შავაძე დაიბადა და გაიზარდა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მეკეიძეებში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს. მიაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა, პრორუსული ძალების მიერ რელიგიური ნიშნით შუღლის დათესვის პროპაგანდას დაუპირისპირდეს ჯანსაღად განვითარებული ახალი თაობა, რომელიც ერთმანეთის იდენტობას პატივს სცემს და ისინი ერთად შექმნიან ახალ ცივილურ მომავალს. ამ მიზნით როლანდი თანამშრომლობდა ორგანიზაცია World Vision-თან, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენელი მოსწავლეები ჩართული იყვნენ აქტივობებში, რაც იძლეოდა შესაძლებლობას, მოსწავლეებს გაეცნოთ და დამეგობრებოდნენ ერთმანეთს და მომავალშიც შეენარჩუნებინათ ურთიერთობა. როლანდი არაერთი სოციალური პროექტის იდეის ავტორია, თუმცა მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა იყო, დონორი ორგანიზაციის მეშვეობით, 2021 წელს 30 სტუდენტის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის სრული დაფინანსება.