მანანა კაპეტივაძე მუშაობს ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებლად, არის TEA პროგრამის გამარჯვებული, გავლილი აქვს სტაჟირება აშშ-ში. 2003 წელს სასკოლო მიღწევებისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
მანანასთვის მასწავლებლის მთავარი ფუნქცია არა მხოლოდ საგნის სწავლება, არამედ მოსწავლეებისათვის სწორი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაა. მისი პედაგოგიური პრაქტიკა თავისუფალი და თანასწორი სასწავლო გარემოს შექმნის იდეას ეფუძნება, რომელშიც მოსწავლეებს ეძლევათ თავისუფლება იმსჯელონ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ისწავლონ განსხვავებული აზრის პატივისცემა. უცხო ენის სწავლებისას ის იყენებს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებსა და აქტიური კომუნიკაციის მეთოდს, რეალური სიტუციების ინსცენირებით ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და გაიუმჯობესონ სამეტყველო უნარები. მისი სასწავლო პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია მხატვრული ტექსტების დამუშავება მინი სპექტაკლების მომზადებისათვის. ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეებს უადვილებს მასალის ათვისებასა და უვითარებს წარმოსახვის უნარს. 2017 წელს სამხრეთ კავკასიის ინგლისური ენის სწავლების მე-4 რეგიონულ კონფერენციაზე, მანანამ კოლეგებს გაუზიარა კლასიკური ნაწარმოების კრეატიულ-თეატრალურ პერფორმანსად გადაქცევისა და სწავლების ეფექტურ მექანიზმად გამოყენების პრაქტიკა.
მანანას მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი შედეგებით კონკურსებში, ოლიმპიადებსა თუ გამოცდებზე. უცხო ენების სწავლებასთან ერთად იგი ცდილობს ახალგაზრდებისათვის თვითრეალიზების დამატებითი საშუალებების შექმნას. ამ მიზნით მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად ჩამოაყალიბა ბაღდათის გოგონათა კალათბურთის ლიგა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 9 სკოლის გოგონათა გუნდია გაწევრიანებული. მისი თანაავტორობით მომზადდა ინგლისური ენის სასწავლო მოდული ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ინიცირებული საგანმანათლებლო პროექტის “ტოლერანტობა და ინგლისური ენა“ ფარგლებში, რის შედეგად 200-მდე იძულებით გადაადგილებულმა ბავშვმა შეისწავლა ინგლისური ენის საბაზისო კურსი. ასევე მისი ინიციატივით განხორციელდა მედიაპროექტი ”Generation Z”, სადაც 12 მოსწავლე ჟურნალისტიკის საფუძვლებს ეუფლება.
მანანა საკუთარი მოსწავლეებისა და გარშემო მყოფთათვის როლური მოდელია, სწორედ ამიტომ აქტიურად მუშაობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის. ასევე მასწავლებლის პროფესიის განვითარებისთვის ატარებს ტრენინგებს ქართველი მასწავლებლებისა და ამერიკელი მოხალისეებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს მისი 11 მოსწავლე ინგლისური ენის წარმატებული პედაგოგია.
მანანა კაპეტივაძე აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში როგორც ბაღდათის ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში წარმატებით განახორციელა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი როგორც სკოლისათვის ასევე თემისათვის და მოიპოვა მხარდაჭერა და აღიარება როგორც „კრეატიული საქართველოს“ ფორუმზე, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მხრიდან.
მანანა უძღვება ბავშვთა გასართობ ცენტრსაც და ახალგაზრდებთან ერთად მუშაობს ბავშვბისთვის გასართობი პროგრამების შემუშავებაზე.
ბიოგრაფია
მანანა კაპეტივაძე დაიბადა 1964 წლის 10 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში. 1981 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლა. 1982 წელს ჩაირიცხა ქ. პიატიგორსკის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე. 1988 წელს განაწილებით დაიწყო მუშაობა სტავროპოლის მხარეში ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლად. 1989 წელს მუშაობა გააგრძელა ბაღდათის რაიონის სოფ. როხის საჯარო სკოლაში. პარალელურად მუშაობდა ქ. ქუთაისის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში. 1996 წელს მუშაობა დაიწყო დიმის საჯარო სკოლაში, ხოლო 2005 წლიდან ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში. 2002 წელს იმყოფებოდა აშშ-ში, მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEA მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამით. 2006 წლიდან 2014-მდე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკის მშვიდობის კორპუსთან წინასამსახურებრივ ტრენინგების განათლების ტექნიკურ ტრენერად. 2015 წლიდან მუშაობს ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში ინგლისური და რუსული ენის მასწავლებლად და პარალელურად ხელმძღვანელობს ბაღდათის ინოვაციების ცენტრს. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა ჯილდოს მფლობელი. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.