Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნინო ფსუტური

ნინო ფსუტური

სსიპ ქ.გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელია, ასევე  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის საგნობრივი ექსპერტი და საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 -ის კონსულტანტ მასწავლებელი.

  ნინო  თვლის, რომ მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ისეთი  მეთოდები და მიდგომები, რომელიც მოიაზრებს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საკითხის განხილვის, ანალიზის, დასკვნების გამოტანის, შეფასების პროცესში. ეს კი უნდა მოხდეს მასწავლებლის როლის ცვლილებით,  მასწავლებელი უნდა გახდეს ფასილიტატორი და არა ცოდნის უშუალო გადამცემი. თვითონ ნინო პრაქტიკაში  იყენებს სწავლა-სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს,  განსაკუთრებით გამოყოფს სასწავლო/სამაგიდო თამაშებს, რაც ნამდვილად ინოვაციური მიდგომაა, მით უმეტეს, როცა თამაშის შექმნის პროცესში  თავად მოსწავლეები არიან ჩართული. ერთ-ერთი პირველი სამაგიდო თამაში “17 მისია” ნინომ  ჯერ კიდევ პანდემიამდე,  2019 წელს მოსწავლეებთან ერთად შექმნა, როდესაც გეგმავდნენ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე მონაწილეობას და მთავარი თემა “მდგრადი განვითარების 17 მიზანი” იყო. ასევე უნდა აღვნიშნოთ სამაგიდო თამაში „ვიკვლევთ შელდონთან ერთად“, რომელიც კვლევითი უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს. საინტერესოა თამაში ციფრულ მოქალაქეობაზე, სადაც აქცენტი კეთდება პროპაგანდის მნიშვნელობაზე, სოციალურ რეკლამაზე, ინფორმირებაზე. აღნიშნული თამაში მასწავლებლებმა შესაძლოა, სადამრიგებლო საათზეც გამოიყენონ. 

 ნინო თვლის, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა   საბაზო და საშუალო საფეხურზე საგრძნობლად იკლებს, ეს ასე რომ არ მოხდეს,  მათთან მართავს  შეხვედრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა -„მდგრადი განვითარების მიზნები და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“, „კომპოსტირება და ამაღლებული კვლების მოწყობა“.  

  ნინო ფსუტურისთვის  მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ელემენტებით  ფორმალური განათლების გამრავალფეროვნება. ნინოს მოსწავლეები მართავენ საქველმოქმედო აქციებს, ეხმარებიან  შეჭირვებულ ოჯახებს,   უკრაინის ომში დაზარალებულებს, თურქეთში მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს. მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს მოსწავლეების მიერ განხორციელებულ 100- ზე მეტ გარემოსდაცვით აქტივობას და სტარტაპს მწვანე და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით- „ჰერბა-დარგე ემოცია“, რომლის ფარგლებშიც მაკულატურისგან ამზადებენ ღია ბარათებს, რომელშიც მიმობნეულია ყვავილის თესლი, დარგვის შემდეგ მისგან ახალი მცენარე ამოდის.  გაყიდული ბარათებიდან შემოსული თანხით  ეხმარებიან სკოლის რესურს-ოთახს. მისი ოცნება – პერმაკულტურის ელემენტები გააცნოს მოსწავლეებს და საგნის სწავლება დატვირთოს პრაქტიკული ელემენტებით – განახორციელა მისი მოსწავლეების მიერ ინიციირებული პროექტის “საგანმანათლებლო ბაღის “ მეშვეობით.

როგორც ბიოლოგიის საგნობრივი ექსპერტ-კონსულტანტი ნინო ფსუტური  ხშირად ხვდება  საქართველოს მასწავლებლებს  და ეხმარება მათ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში, მართავს ვებინარებს, CK-12 რესურსების გასაცნობად ატარებს შეხვედრებს როგორც საჯარო სკოლის, ასევე პროფსასწავლებლების პედაგოგებთან. მოდერატორობას უწევს გვერდს -ბიოლოგია- ზოგადი განათლების რეფორმა. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის  ესწრება სხვადასხვა ფესტივალსა და კონფერენციას.