მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების განცხადება

ჩვენ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის“ წევრები, გამოვხატავთ შეშფოთებას განათლების სისტემაში განსახილველი ცვლილების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 წლიდან 11 წლამდე შემცირებას. როგორც მასწავლებლებს, რომლებიც ვართ მოწოდებულნი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან უკან გადადგმულ ნაბიჯს და საფრთხეს უქმნის როგორც ქართველი მოსწავლეების კონკურენტუნარიანობას, ასევე ქვეყნის საგანმანათლებლო ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. სასკოლო განათლების 11 წლამდე შემცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ფარგლებში დამკვიდრებულ სტანდარტებსა და ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რომელიც საქართველომ გაიზიარა.

ევროპის წამყვან ქვეყნებში სრული ზოგადი განათლება უმეტესად 12 ან 13-წლიანია. 11-წლიანი სისტემა შექმნის ბარიერებს ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში აღიარებისა და ინტეგრაციის კუთხით. 12-წლიანი სრული განათლების მიზანია, მოსწავლეებს მისცეს საკმარისი დრო და სიღრმისეული ცოდნა თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწავლის ერთი წლით შემცირება აუცილებლად გამოიწვევს სასწავლო პროგრამების დაჩქარებას, შემცირებას ან/და დატვირთვას, რაც კრიტიკულად დააზარალებს განათლების ხარისხს, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

მსოფლიო განათლების რეფორმები მიმართულია სკოლის გაძლიერებისკენ და არა სასწავლო პერიოდის შემცირებისკენ. საქართველოს მსგავსი ნაბიჯი საერთაშორისო კონტექსტში იზოლაციის რისკს შექმნის.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, გადახედონ ამ ინიციატივას, უზრუნველყონ ქართული განათლების სისტემის სტაბილურობა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან. ნებისმიერი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ხარისხის ზრდას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო ინტერესებს.

20.10.2025