ქამრან აფანდიევი 2017 წლიდან 2023 წლამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელია. ასევე, ის ა(ა)იპ ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ქამრანის მიზანია სახალისო, საინტერესო და მოქნილი გახადოს საგაკვეთილო პროცესი. ეს იქნება კვლევის მეთოდი, პირდაპირი ინტერვიუ, კითხვარები, რუბრიკები, ჯგუფური დისკუსიები, თანამშრომლობითი შეხვედრები თუ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები. ცდილობს, მოსწავლეებს მარტივად, ხალისით შეასწავლოს სახელმწიფო ენა. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს აცნობს სასწავლო მიზნებს, გეგმავს ისეთ გაკვეთილებს, რომელიც მათ მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს. სასწავლო პროცესში სვამს საკვანძო შეკითხვებს, რაც მოსწავლეებს მსჯელობას და დამოუკიდებელ აზროვნებას აჩვევს. ხშირად გეგმავს და ახორციელებს პროექტებს, მართავს დისკუსიებს, რადგან თვლის, რომ მსჯელობის პროცესი თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ აზრების, სურვილების, იდეების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს გააზრების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პროცესს.
სკოლაში ფუნქციონირებს ქამრანის მიერ დაარსებული სამი კლუბი. მკითხველთა კლუბი, კინოსტუდია – მე მიყვარს ფილმები და ეკოკლუბი. კლუბებში საინტერესო აქტივობებს გეგმავენ და ახორციელებენ. აქტივობები მოიცავს პროექტებს, ექსკურსიებს, დასუფთავების აქციებს, კვლევებს, სკოლებთან დამეგობრებას, სტუმრების მოწვევას, ენის შესწავლის პრაქტიკის გაუმჯობესებას.
ქამრანი და მისი მეგობრები ქვემო ქართლის რეგიონში სათემო ცენტრების პირველი დამფუძნებლები არიან. 2015 წელს, პირველად მოლაოღლში, შემდეგ ქვემო-ქართლის სხვადასხვა სოფლებში, ქამრან აფანდიევის დახმარებით გაიხსნა სათემო ცენტრები. ერთ-ერთი სათემო ცენტრი ხულდარაში მდებარეობს, ქამრანის სახლში. სკოლაში არ იყო საკმარისი რესურსი, რითაც სწავლების პროცესში მოსწავლეების აქტიურ ჩართვას შეძლებდა, სოფელში არაფორმალური აქტივობებისთვის არ არსებობდა საჭირო სივრცე, ამიტომ ერთ-ერთი პროექტის დახმარებით, მეგობრებთან ერთად, საკუთარი სახლის „ფარეხში“ მოაწყო ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.
საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო გოგონების ჩართვა საგანმანათლებლო პროცესებში. სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიოდა და ესაუბრებოდა მშობლებს განათლების აუცილებლობაზე, რომ როგორც ბიჭები, ისე გოგონები თანამედროვე სივრცეში ადაპტირებისთვის უნდა იღებდნენ საჭირო განათლებას. განათლების ცენტრი სწორედ ასეთი სივრცეა. ცენტრში მოსწავლეებს უტარდებათ ტრენინგები, კომპიუტერული პროგრამების გაკვეთილები, ქართული, ინგლისური და აზერბაიჯანული ენის სწავლების კურსები, ასევე ჭადრაკის გაკვეთილები. საამაყოა, რომ ახლა, უნივერსიტეტში მოსამზადებელი პროექტის ფარგლებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ას ორმა აბიტურიენტმა ჩააბარა და მათ შორის უმეტესობა გოგონაა. ჯიპა მედია ლაბის პროექტის ფარგლებში ოთხმა ახალგაზრდამ მოიპოვა ჯიპაში უფასო სწავლების უფლება.
ქამრან აფანდიევი და მისი მეგობრები დიდ ყურადღებას უთმობენ მშობლების განათლებას. იმის გამო, რომ თემში ქალების დიდი ნაწილი ნაადრევად არის დაოჯახებული, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული განათლების პროგრამები, რომელიც მათ პიროვნულ განვითარებას და საჯარო საქმიანობას უწყობს ხელს. არაფორმალური განათლება ახალი შესაძლებლობაა ქალებისთვის და ეს პროცესი უნიკალურ სოციალურ კაპიტალს ქმნის.
„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები


