რუსუდან გონაშვილი

რუსუდან გონაშვილი

რუსუდან გონაშვილი 28 წელია ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში. არის  ფილოლოგიის მაგისტრი, მენტორი, დოქტორანტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერი,  რამდენიმე დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი, Microsoft Innovative Educator Expert-ი, „სულაკაურის გამომცემლობის” 2022 წლის რჩეული მასწავლებელი.

მისთვის მთავარია, მოსწავლეს ასწავლოს აზროვნება, მოქალაქეობა, შემოქმედებითობა.  ამ  მიზნებისთვის იყენებს პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, ინტეგრირებულ, თემატურ გაკვეთილებს, სადაც ლიტერატურა დაკავშირებულია ისტორიულ, კულტურულსა თუ სოციალურ კონტექსტთან. აქტიურად შეაქვს სწავლებაში ტექნოლოგიები, თავადაც ქმნის მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ რესურსებს, რომელთაც აქვეყნებს  საკუთარ yotube არხსა და ბლოგზე. არის შემოქმედებითი, ინოვატორი და მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებელი,  აკვირდება ბავშვების ინტერესებს და ამის შესაბამისად აახლებს სწავლების მეთოდებს. სჯერა, რომ სწავლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საკლასო ოთახით და მოსწავლეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, შეეხონ რეალურ პრობლემებს, რაც დაეხმარება მათ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც შეეძლებათ პოზიტიური ცვლილების განხორციელება. მისი პედაგოგიური მიდგომა ეფუძნება პრობლემაზე დაფუძნებულ  სწავლებას.

მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო პროექტებში. მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები გამოირჩევა შემოქმედებითობითა და ინოვაციური მიდგომებით. რუსუდანის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს, წერენ ესეებს, საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, მონაწილეობენ დებატებსა და საზოგადოებრივ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

მისი პროფესიული საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სასკოლო აქტივობებით. ხვდება და ესაუბრება სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, ხელმძღვანელობს მკითხველთა და ჟურნალისტთა კლუბებს. ატარებს ტრენინგებს, კოლეგებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მონაწილეობს საგანმანათლებლო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში. არის ავტორი არაერთი სტატიისა და ბლოგპოსტის, რომლებიც ეხება სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მასწავლებლის როლს ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში. 2011 წელს ფილოლოგებისთვის შექმნა Facebook-ის ჯგუფი, სადაც პედაგოგები აზიარებენ გამოცდილებას. 2017 წელს დააფუძნა სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია, რომლის  საშუალებით ცდილობს, გაზარდოს და აამაღლოს მოსწავლეთა ინტერესი, დაეხმაროს მოქმედსა და მომავალ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ მიზნით ატარებს კონფერენციებს როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის, აწყობს სამუშაო შეხვედრებს, ლექცია-სემინარებს, ქმნის პროფესიულ თანამშრომლობით ქსელს. ცდილობს, განათლება გახადოს უფრო ინკლუზიური, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში.

რუსუდანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თემის განვითარებაში. იგი ორგანიზებას უწევს კულტურულ ღონისძიებებს, მონაწილეობს ადგილობრივ ინიციატივებში და ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი საქმიანობა აძლიერებს სკოლასა და თემს შორის  კავშირს, რაც, ადგილობრივ დონეზე,  ხელს უწყობს  პოზიტიურ ცვლილებებს. სწამს, რომ განათლებას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბედი, ამიტომაც მუდმივად ცდილობს, იყოს ცვლილებების ერთ-ერთი მამოძრავებელი და გააძლიეროს მასწავლებლების ხმა, განსაკუთრებით რეგიონებში.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025-ის მთავარი მხარდამჭერია

„რამდენიმე წამით, სუნთქვა შემეკრა“ – რუსუდან გონაშვილი

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე დიდი ხანია გასცდა კონკურის იდეას — მან ჩამოაყალიბა პროფესიული ცნობიერება და საზოგადოების ყურადღება განათლებაში არსებულ პრობლემებს მიაპყრო. გააძლიერა მასწავლებლები, საზოგადოებას დაანახა მათი ძალა და წვლილი ქვეყნის მომავლის შენების საქმეში”. 

edu.aris.ge