ნესტან კუბლაშვილი 1996 წლიდან მუშაობს თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში: 14 წელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე აღმზრდელობით დარგში, ხოლო 2010 წლიდან დღემდე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის V-XII კლასის მოსწავლეებს.
ნესტანის პედაგოგიური ფილოსოფია ერთ ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება: აღსაზრდელებს შეუქმნას გარემო, სადაც თავს სრულფასოვან, ბედნიერ და განვითარების მსურველ პიროვნებებად იგრძნობენ. არავინ დარჩება პასიურ მდგომარეობაში და ყველას თანაბრად, სტრესის გარეშე შემეცნებითი პროცესის დამოუკიდებლად მართვის საშუალება ექნება. ამისათვის იგი აქტიურად იყენებს სოციო – ემოციური სწავლებისა და მოქალაქეობრივი განათლების მოდელს, მაგრამ უპირატესობას ტრანსფორმაციული განათლების მეთოდების დანერგვას ანიჭებს, რადგან, ფიქრობს, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება აღვივებს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას, უბიძგებს სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასონ სიტუაცია, არასტანდარტული გზით სცადონ საკითხის გადაჭრა და რაც მთავარია, თავი ავტონომიურად იგრძნონ. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობას, ტექსტებთან თავისუფალ დამოკიდებულებას, ეკოლოგიურ, ფინანსურ წიგნიერებას, მულტიმედიური რესურსების შექმნას. მოსწავლეებს სთავაზობს შემოქმედებით დავალებებს, სასწავლო თამაშებს, სოციალურ პროექტებს, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლას, ინტერაქტიურ სავარჯიშოებს, სწავლას მაინკრაფტით…
ნესტანს მიაჩნია, რომ სიტყვა ,,თვინიერ საქმისა, მკვდარ არს“ და მასწავლებლის როლი, უპირველეს ყოვლისა, აღსაზრდელთა ქმედებაში აისახება. ამიტომ, თავისი პედაგოგიური პრაქტიკის მთავარ მიღწევად სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა კონკურენტუნარიანობას ასახელებს და მაგალითად მოჰყავს მისი ინიციატივით სკოლის ბაზაზე შექმნილი კლუბის – ,,რიგითი კლიმების საზოგადოება“ – მიერ განხორციელებული რამდენიმე აქტივობა: შვედური პროექტი ,,ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“; მომავლის ლაბორატორიის (PBL) პროექტი – ,,როგორ ვაქციოთ წიგნი ბესტსელერად“; პროექტი: ,,თავისუფალი გაკვეთილები“, ,,მწერლობანა“; პროექტ ,,სკოლა-ბანკის ფარგლებში“ შექმნილი სამაგიდო თამაში ,,გროვია“ და თვითდაფინანსებული სასკოლო ტურნირი; USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები: ,,ევრობავშვები – Euro Kids“ და ,,ვირიბუს უნიტის (Viribus unitis) – ძალა ერთობაშია“, რომლის საგრანტო თანხა (900 აშშ დოლარი) მთლიანად მოხმარდა სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და ეკოლოგიური/გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებას მოსწავლეთა მიერ.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, ნესტანი მუდმივად ატარებს მასტერკლასებს, სემინარებს, მონაწილეობს მასწავლებელთა კონფერენციებსა და ფორუმებში. არის პედაგოგთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული, ახლახან გახდა ,,სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეული მასწავლებელიც. მენტორი მასწავლებლის სტატუსით 2012 წლიდანაა ჩართული მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში და დღემდე აგრძელებს ახალბედა მასწავლებლებისთვის პედაგოგიური ინოვაციებისა და არასტანდარტული სწავლების ტექნიკის გაზიარებას.
ნესტანისთვის ,,თაობათა შორის სოლიდარობა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“ ფუძემდებლური პრინციპია. სწორედ ამიტომ წამოიწყო შპს ,,პოლივიმთან“, კომპანია ,,ტენესა“ და შპს ,,მაკილიტერატურასთან“ თანამშრომლობით პროექტი ,,მწვანე რევოლუცია“, USAID-ის დაფინანსებით შეიძინა სეპარირების ურნები და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად ჩართო სკოლის მიმდებარედ მცხოვრები ყველა ასაკის მოქალაქე. შედეგად – ტონობით ნარჩენისგან გაიწმინდა ნიადაგი, სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი კი შეივსო მხატვრული ლიტერატურით.
დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნესტანი მოხალისეობრივად ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ კამპანიაშიც: ,,მოიწვიე ფინედუ კლასში“, გახდა ,,ფინედუს დესპანი“ და დაწყებითი/საბაზო საფეხურის რვა კლასში დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე ჩაატარა ინტერაქტიური გაკვეთილები, რისთვისაც სკოლას 210 მოსწავლეზე 630 საგანმანათლებლო რესურსი გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025-ის მთავარი მხარდამჭერია
„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი





