მაია ლაპიაშვილი

მაია ლაპიაშვილი

მაია ლაპიაშვილი უკვე 26 წელია მოღვაწეობს ზოგადი განათლების სისტემაში და ამ ხნის განმავლობაში სანიმუშოდ აერთიანებს პედაგოგიურ პრაქტიკას, საგნობრივ და სამოქალაქო მიმართულებებს, ტრენერობასა და თემზე ზრუნვას. პროფესიით გეოგრაფია, თუმცა პრაქტიკაში ის გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებასა და ბუნებისმეტყველებას ასწავლის სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მასწავლებლის სახლში დირექტორებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგებისა და ქოუჩინგის პროგრამებში; დღესაც თანამშრომლობს სხვადასხვა ტრენინგ-ცენტრსა და უნივერსიტეტთან, არის „ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგ-მოდულების ავტორი და „IBSU აკადემიის“ ტრენერი. ამავდროულად, ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტებული ექსპერტია ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით და თესაუ-ის დოქტორანტი.

მაია ლაპიაშვილის პროფესიული საქმიანობა ემყარება ღრმად გააზრებულ რწმენას, რომ მასწავლებლის მთავარი მიზანი მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, მოსწავლის აღჭურვა ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებით და დემოკრატიული ფასეულობებით უნდა იყოს. ამიტომ მისი პრაქტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებს წარმოადგენს სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური განსხვავებულობის პატივისცემა და თავისუფალი აზრის კულტურა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეზე მორგებულ, ინტერაქტიურ სწავლას – იყენებს ქეისებზე, პროექტებზე და კვლევებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, დისკუსიას, სოციოდრამას, როლურ თამაშებსა და სიმულაციურ სცენარებს, სადაც მოზარდები საკუთარ როლებში რეალურ გამოწვევებს ეჭიდებიან, გადაწყვეტილებებს იღებენ და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს იხვეწავენ. მისი პრაქტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია ფეიკ-ნიუსების ანალიზი – თემატიკა, რომელიც არა მხოლოდ აქტუალურია, არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებელი ბაზაა.

სწავლების პროცესში მაია აქტიურად იყენებს თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის დიზაინ-თინქინგს: მოსწავლეებთან ერთად მან შექმნა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმოს მოდელი, რომელიც რეალურ პრაქტიკად იქცა და რომლის მართვაშიც თავად მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. ის მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივად შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს – სამაგიდო თამაშებს, ვიზუალურ რუკებსა და ვიდეომასალას, რაც საგრძნობლად ამაღლებს მოზარდთა მოტივაციას და მათ ცოდნას პრაქტიკად აქცევს. მისი გაკვეთილები ხშირად სცდება საკლასო სივრცეს – საველე ვიზიტები დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული ექსპედიციები სწავლას ცოცხალ და ცხოვრებაზე მორგებულ პროცესად აქცევს.

მაიას მოსწავლეები გამორჩეულ წარმატებებს აღწევენ როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია პროექტი „ეს ქვეყანა შენია“, სადაც მისმა გუნდმა გაიმარჯვა და თავად მაია გიორგი გახელაძის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ევროკავშირის, „ჯუნიორ ეჩივმენტის“, ევროატლანტიკური კლუბისა და CENN-ის მიერ მხარდაჭერილ სამეწარმეო, გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებში. სკოლაში მაია ხელმძღვანელობს ეკოკლუბს „კამბისენე“, სამოქალაქო განათლების, მეწარმეობისა და სამაგიდო თამაშების კლუბებს, რომლებიც მოზარდებში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, სამოქალაქო აქტივიზმისა და მეწარმეობრივი აზროვნების კულტურას აყალიბებს.

მაია წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, თემთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან. არის ასოციაცია „ბიოს“ საპატიო წევრი, კახეთის მასშტაბით დასახელებულია წლის გამორჩეულ მოხალისედ და სამოქალაქო განათლების წარმატებულ პედაგოგად. ის სისტემატურად ატარებს მოხალისეობრივ ტრენინგებსა და კონფერენციებს მასწავლებლებისთვის, უზიარებს პრაქტიკულ რესურსებს და მხარს უჭერს ახალბედა პედაგოგებს. მის საქმიანობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქველმოქმედო მიმართულება — ის და მისი მოსწავლეები აინიციირებენ ტრენინგებს, პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა შემოსავალი ხმარდება მოსწავლეების და კოლეგების სწავლებას, მკურნალობასა და განვითარების მხარდაჭერას. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევაა საკუთარი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით დაფუძნებული სოციალური საწარმო – ახალგაზრდული ჰაბი „ჩვენი სივრცე“, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ დედოფლისწყაროსთვის: აქ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, განახორციელონ ადგილობრივი სტარტაპები,

ბანაკები, სტაჟირების პროგრამები, სამაგიდო თამაშების ღონისძიებები, საკვირაო და საზაფხულო სკოლები და რეალურ ცვლილებებს ჩაუყარონ საფუძველი თავიანთ თემში.

მაია ლაპიაშვილი რჩება იმ პედაგოგთა რიგებში, რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებიან დეზინფორმაციას, უსამართლობასა და პოპულიზმს და მაგალითით ამტკიცებენ დემოკრატიული ღირებულებების ძალას – პრაქტიკით, რომელიც მომავალ თაობას აძლევს ცოდნას, უნარს და რწმენას  ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025-ის მთავარი მხარდამჭერია
„ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება… თითქოს დრო შეჩერდა“, – მაია ლაპიაშვილი

edu.aris.ge