თამუნა მაჭარაშვილი

თამუნა მაჭარაშვილი

თამუნა მაჭარაშვილმა პედაგოგიური გზა 2012 წელს დაიწყო პროგრამით „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, როგორც მოხალისე მასწავლებელი ქართულ ენას ასწავლიდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ეს მისთვის წარმატებული და საამაყო გამოცდილება იყო.  

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობდა. ამჟამად, გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში  სამოქალაქო განათლების მენტორ-მასწავლებელია.

თამუნა ცდილობს, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლეები თავისუფლად იმსჯელებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, აჩვევს მათ კრიტიკულ აზროვნებას. მისი მხარდაჭერა და წახალისება თავდაჯერებულობას სძენს მოსწავლეებს და დამოუკიდებელ მოაზროვნეებად აყალიბებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ განათლებას. ამ მიმართულებით მის მიერ განხორციელებული პროექტები მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე. მანვე  ჩამოაყალიბა მოსწავლეთა საჯარო გამოსვლების კლუბი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეხვედრებს მართავდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სტერეოტიპებზე, ტოლერანტობაზე, დისკრიმინაციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.  თამუნა 2019 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან. აქ მიღებული გამოცდილებით სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მის მიერ ჩამოყალიბებული დებატების კლუბი. კლუბის წევრები არაერთი ეროვნული ტურნირის გამარჯვებულები არიან. საგაკვეთილო პროცესში თამუნა აქტიურად იყენებს პროექტულ სწავლებას, როლურ და სამაგიდო თამაშებს, რომელთა შექმნაში მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

თამუნას მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში.  2019 წელს მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული პროექტი – „ევროპა ჩემი არჩევანია“,  კონკურსის – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“   საუკეთესო ათ პროექტს შორის დასახელდა. პროექტის ფარგლებში, „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა – 2022“,  მოსწავლეთა მიერ მოფიქრებული თამაშის იდეამ საუკეთესო ათეულში დაიკავა ადგილი. 2022 წელს მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ გაიმარჯვა DVV International-ის კონკურსში – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“  ნაშრომით „მოჯადოებული წრე“ და როგორც გამარჯვებული, ჩეხეთში, ისტორიის საერთაშორისო ბანაკში, გაემგზავრა.

თამუნა ავტორია  გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტის „პოლიტიკური სკოლა 77“,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის პრინციპებს, პოლიტიკური რეჟიმებისა და იდეოლოგიების არსს. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ვირტუალური პოლიტიკური პარტიები, შეიმუშავეს საარჩევნო პროგრამები და წარმოადგინეს ქვეყნის განვითარების გეგმა. ამ ინიციატივამ მოსწავლეებს გააცნობიერებინა დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობა.

თამუნა მონაწილეობდა გერმანული საგანმანათლებლო პლატფორმის „Confronting Memories“ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი ისტორიის მტკივნეული საკითხების სწავლებას. ქართველი მასწავლებლების  გუნდთან ერთად შექმნა გაკვეთილის გეგმა, რომელიც ეხებოდა  1991-92 წლების თბილისის სახელმწიფო გადატრიალებას. გეგმა ხელმისაწვდომია პლატფორმაზე. თამუნა ასევე არის „Confronting Memories“ ამბასადორი საქართველოში და საკუთარ გამოცდილებას პერიოდულად უზიარებს კოლეგებსა და სტუდენტებს.

თამუნასთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია პროექტი „დაბრუნება სკოლაში“, რომლის ფარგლებში ის იწვევს სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც  ამჟამინდელ მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხზე უზიარებენ გამოცდილებას. პროექტი თაობებს შორის  უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას ემსახურება. თამუნას მიზანია, ამ შეხვედრების ჩაწერა და YouTube არხის გამოყენებით ღია საგანმანათლებლო რესურსის შექმნა.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025-ის მთავარი მხარდამჭერია
ერთდროულად მოვიდა ემოციების ტალღა — სიხარული, დაბნეულობა, მადლიერება და პასუხისმგებლობა“,- თამუნა მაჭარაშვილი

edu.aris.ge