ელენე ბეთლემიშვილი

ელენე ბეთლემიშვილი

ელენე ბეთლემიშვილი 2003 წლიდან დაწყებითი კლასების მასწავლებელია. იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში ტრენერად და მონაწილედ. 2013 წლიდან წიგნიერების მიმართულების ტრენერია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (GpriEd) და 2018 წლიდან საბაზისო განათლების პროგრამაში (USAID-BEP). 2019 წელს გახდა ორგანიზაცია „DGSALT”-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც ტალინის უნივერისიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ციფრული სკოლა-საქართველო“. პროექტის ფარგლებში სკოლებში ჩატარდა ციფრული მოწიფულობის კვლევა და სკოლის ციფრული სტრატეგიის შემუშავება. ამ ეტაპზე არის კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასისტენტ პროფესორი.

ელენე ბეთლემიშვილის პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ მეთოდებს, მისთვის პრიორიტეტულია დიფერენცირებული სწავლება, რომელიც ეყრდნობა ღირებულებით დავალებებს, მკაფიო მიზნებსა და სისტემურ უკუკავშირს.  მუდმივად ჩართულია სასწავლო პროცესისა და რესურსების ადაპტირებაში მოსწავლეთა ინტერესების, მზაობისა და სწავლის სტილის შესაბამისად. იყენებს პროექტზე და თამაშებზე დაფუძნებულ სწავლებას, ციფრულ ინსტრუმენტებს.  ცდილობს გააღვივოს უსაფრთხო და პოზიტიური ურთიერთობები, ემპათიის უნარი. მისი მიზანია, სასწავლო პროცესში, მოსწავლემ თავი მნიშვნელოვან, შემოქმედებით, დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობიან ადამიანად იგრძნოს.

მასწავლებლის მხარდაჭერით, ბავშვები თავად გეგმავენ და დგამენ სპექტაკლებს, აორგანიზებენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს, ქმნიან თამაშებსა, ხალისით ერთვებიან სხვადასხვა  აქტივობაში.

ელენეს ინიციატივით შეიქმნა მრავალი ღია წვდომის სასწავლო რესურსი, რომელიც თავმოყრილია ონლაინ პლატფორმაზე (Linktree) და მოიცავს ინტერაქტიურ დაფებს, თემატურ ერთეულებს, ვიზუალურ და პრაქტიკულ სამუშაო ფაილებს. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, სისტემატურად ატარებს პირისპირ შეხვედრებს, ვებინარებსა და ონლაინშეხვედრებს, სადაც განიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა წაკითხულის გააზრების სტრატეგიები, მოსწავლის თვითშეფასების ინსტრუმენტები, ტექნოლოგიების ინტეგრაცია და სხვა. მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

ელენემ შექმნა ორი ინოვაციური  სასწავლო რესურსი:

  • მასწავლებლის რვეული – დაგეგმვისა და პროფესიული პროცესების გასაადვილებლად;
  • მოსწავლის რვეული – თვითრეფლექსიისა და სწავლის თვითრეგულაციის გასაძლიერებლად.

ეს რესურსები მიმართულია თვითმართვაზე, მოტივაციისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაზე.

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ერთვება როგორც სკოლის, ისე ადგილობრივი და პროფესიული თემის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში. თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან, სთავაზობს მათ  ინოვაციური პრაქტიკის დანერგვისთვის აუცილებელ რესურსებს, პროფესიულ საკითხებს მუდამ უზიარებს კოლეგებს. მოსწავლეების მშობლებთან აქტიური კომუნიკაციით ხელს უწყობს განათლებაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. ონლაინპლატფორმებისა და  ვებინარების საშუალებით ცდილობს ხელი შეუწყოს მასწავლებელთა თვითგანვითარებას და რესურსებით უზრუნველყოფას.

რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი

netgazeti.ge