დათია ბადალაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელია. 2015 წელს სოფელში დაბრუნდა და მთელი არსით ჩაერთო პასტორალურ ყოფაში. იყო მწყემსობა, მიწასთან მუშაობა და ყველაფერი ის, რაც სოფლის ყოველდღიურობის ხელოვნებაა. დათია მწერალია და წიგნის მოყვარული ადამიანი (მისი წიგნები ნომინირებულია სხვადასხვა პრემიაზე: „საბა“ „წინანდლის პრემია“ „მაჩაბლის პრემია“). ბუნებრივია, მიწასთან, ბუნებასთან და სოფელთან სიახლოვემ განაპირობა, დაეწყო ფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა ის საქმე, რითაც წვლილს შეიტანდა უკეთესი მომავლის შექმნაში. ჯერ იყო ბიბლიოთეკა, სოფლის ძველი წიგნთსაცავი იპოვა, სადაც წიგნები უფუნქციოდ ელაგა, სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობის კედლებიდან ჩამოსული წვიმა და მტვერი წიგნებს ანადგურებდა. დათიას დაზიანებული შენობიდან გამოჰქონდა წიგნები და საკუთარ ოთახში ინახავდა. შემდეგ ფონდების, ორგანიზაციებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, მოახერხა და სოფლის ბიბლიოთეკა მოაწყო, სივრცე, რომელიც თონეთელი ახალგაზრდებისა და, საერთოდ, თემისთვის იქცა მნიშვნელოვან ადგილად. ბიბლიოთეკაში ბავშვებთან ურთიერთობამ, მათთან მეგობრობამ, მიახვედრა, რომ მათი განვითარებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვის მეტის გაკეთების სურვილი ჰქონდა. ამიტომაც გადაწყვიტა მასწავლებლობა.
დათიას პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეების სიყვარულს, მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას ემყარება. თავადაც სწავლობს ბავშვებისგან, როგორ იყოს უკეთესი მასწავლებელი, რომელიც მორალურ პიედესტალზე მდგომი კი არ დამოძღვრავს მოსწავლეებს, არამედ მათი მეგობარი იქნება და მათთან ერთად გაივლის გზას, რომელიც აჩვენებს, როგორ ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლობიან და აქტიურ მოქალაქეებად, რათა შექმნან უკეთესი საზოგადოება. ამისთვის, ყველაზე ხშირად, არაფორმალური განათლების მეთოდს მიმართავს, პროექტებსა და პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებას, მოსწავლეების ჩართვას სოციალურ პროექტებში. დათიას ბიბლიოთეკა ხშირად საქველმოქმედო ფუნქციას ითავსებს და ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. მოსწავლეების ჩართულობა მაღალია დათიას მიერ შექმნილი სამოქალაქო და ლიტერატურული კლუბების მუშაობაშიც.
თავისი მასწავლებლობის ინდიკატორად მოსწავლეებს მიიჩნევს, მათ აკადემიურ მიღწევებსა თუ სწორ სამოქალაქო მოსაზრებებს, სიამაყით იხსენებს ერთი მოსწავლის ნათქვამს, რომ მოქალაქეობრივი როლი ისე შეასრულა, როგორც გაკვეთილზე დათია მასწავლებელმა ასწავლა. როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ეამაყება მისი მოსწავლეები მომავალ პროფესიას სწორედ ამ საგანთან რომ აკავშირებენ.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის დათია აქტიურად წერს მრავალფეროვან ბლოგებს ჟურნალ „მასწავლებლის“ პლატფორმაზე, სადაც საუბრობს როგორც საგნის სწავლების მნიშვნელობაზე, ისე მასწავლებლის პროფესიაში არსებულ გამოწვევებზე.
დათია აქტიურადაა ჩართული თემის ცხოვრებაში, ბიბლიოთეკის რესურსით, რომელიც საქველმოქმედო ფუნქციასაც ითავსებს, აღადგინა სოფლის ტრადიციული დღესასწაული „ვაჟაობა“, მუშაობს იმ სკოლის შენობის აღდგენაზე, რომელშიც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა.





