გიორგი კვიკვინია

გიორგი კვიკვინია

გიორგი კვიკვინია ინგლისური ენის, აკადემიური წერისა და TOEFL-ის მომზადების კურსის მასწავლებელია თანამედროვე განათლების აკადემიაში, განათლების სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. განათლება მიღებული აქვს საქართველოში, ასევე, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, პროფესიული განვითარების კურსები გავლილი აქვს უნგრეთში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტში და პოლონეთში, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში. იყო ესტონეთის საგარეო მინისტრის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და Erasmus+-ის სტიპენდიატი. წლებია მონაწილეობას იღებს IATEFL-ის საერთაშორისო კონფერენციებში, დიდ ბრიტანეთში. ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის სტუდენტთა სკოლაში პრაქტიკას და აქტიურად მუშაობს როგორც საგნის, ასევე მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე.

მისი პედაგოგიური პრაქტიკა ეფუძნება თანასწორობისა და მოსწავლეზე ორიენტირებულობის პრინციპებს. სწავლების პროცესში დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა- განვითარებისთვის იყენებს ინკლუზიურ და  მრავალფეროვან შემოქმედებით მიდგომებს,

ხშირად მიმართავს პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, რეფლექსიურ აქტივობებსა და თანამშრომლობით სწავლებას, რაც ავითარებს მოსწავლეთა ანალიტიკურ და პრაქტიკულ უნარებს. ტექნოლოგიებიდან აქტიურად იყენებს AR-სა და ციფრულ პლატფორმებს, რაც პროცესს უფრო ინტერაქტიურს ხდის.

გიორგის პედაგოგიური საქმიანობის შედეგები განსაკუთრებით გამოიკვეთა მოსწავლეთა მიღწევებში. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეები წარმატებით აბარებენ საერთაშორისო გამოცდებს (TOEFL, IELTS), მონაწილეობენ კონკურსებსა და პროექტებში და ირიცხებიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ევროპაში. გიორგი არ შემოიფარგლება მხოლოდ საგნობრივი სწავლებით, ის მოსწავლეების მენტორიცაა, ეხმარება პროფესიული მიზნების განსაზღვრაში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და მოტივაციის შენარჩუნებაში. მისი მხარდაჭერით ბევრი მოსწავლე ირჩევს კარიერულ გზას, რომელიც სრულად შეესაბამება მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

მისი პროფესიული საქმიანობა სცდება მხოლოდ საგნის სწავლებას და მოიცავს მასწავლებლის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვას. გიორგი წლებია ხელმძღვანელობს სტუდენტთა პრაქტიკულ საქმიანობას, ეხმარება მომავალ მასწავლებლებს პრაქტიკული უნარების შეძენასა და პროფესიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ვებინარებში.  მიღებულ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს და ნერგავს სწავლების პროცესში.

გიორგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური პროექტების მართვას. მისი ინიციატივით განხორციელდა აქტივობები დისლექსიის, გენდერული თანასწორობისა და თაობათა ურთიერთობების შესახებ. მონაწილეობს თემისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და კამპანიებში, განსაკუთრებით განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მისი საქმიანობა ემსახურება არა მხოლოდ მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, არამედ საზოგადოების კეთილდღეობასაც.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობას ვუყურებ, როგორც უნიკალურ შესაძლებლობას“, – გიორგი კვინკვია

edu.aris.ge