„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ „ათეულთა კლუბის“ მასწავლებლები მხარდაჭერას ვუცხადებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. ვუერთდებით ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და განათლების კოალიციის განცხადებას. ჩვენც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, ვთვლით, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი რექტორისადმი წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებები უსაფუძვლოა და ძირს უთხრის უნივერსიტეტის ავტონომიას, ასევე არის მორიგი შეტევა თავისუფალ სიტყვაზე. ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელზეც არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ქალბატონი ნინო არის ჩვენი, თითოეული მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების, ქომაგი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წლებია მისი გულითადი მხარდაჭერით სარგებლობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია, როგორც მასწავლებელთათვის, ისე მოსწავლეთათვის განხორციელებული პროექტების რაოდენობითა და ხარისხით და მისი რექტორის მიმართ წამოწყებული უსამართლო და დაუსაბუთებელი კამპანია ზიანს მოუტანს მთელ ქვეყანას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, ჩვენ, ათეულთა კლუბის მასწავლებლები, ქალბატონ ნინოს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვდგებით ისტორიის სწორ – ევროპული არჩევანის მხარეს!