მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა

კოალიციის „განათლება ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში, აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა და კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც 2019 წელს კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პოპულარიზაციისა და მასწავლებლების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასეთი ტიპის შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. შეხვედრებს გაუძღვებიან, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები, ასევე 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულების წევრი მასწავლებლები და დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. წელს კონკურსი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 4მედია.