2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია მაგდა მიქაბერიძე

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია მაგდა მიქაბერიძე

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული თბილისის №45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაგდა მიქაბერიძე გახდა. გამარჯვებული გენერალური სპონსორისგან, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან, 15 000 ლარის ფულად პრიზს მიიღებს.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო, მეათე წელს აღნიშნავს. ათი წლის განმავლობაში კონკურსში 1 169 განაცხადი შემოვიდა საქართველოს ყველა რეგიონიდან, ხოლო მასწავლებელთა წარდგენების რაოდენობამ 9 584 შეადგინა. ამ ათწლეულის განმავლობაში ჯილდომ 10 გამარჯვებული გამოავლინა და საზოგადოებას საუკეთესო 100 მასწავლებელი გააცნო. 71% განაცხადების საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებლებს ეკუთვნის, და 35%-მდე სოფლის  სკოლებიდანაა. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჯილდომ ყველა საგნობრივი მიმართულების მასწავლებლები გააერთიანა.

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

  • არჩილ თოდუა – ზუგდიდის №9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი;
  • მაგდა მიქაბერიძე – თბილისის №45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე ჩიქოვანი – ახალი თაობა – ნიუჯი-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მადონა წერედიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ლაურა ჯიმშელეიშვილი  – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

ფინალისტები ჯილდოს მთავარმა მხარდამჭერმა, საქართველოს ბანკმა, დააჯილდოვა. საუკეთესო ათეულის წევრებს, ასევე, გადაეცათ ჯილდოს მხარდამჭერების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი, ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯილდოს სპონსორი და მხარდამჭერია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), მხარდამჭერი – ალტე უნივერსიტეტი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა და გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“ ნაწილია. მისი მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა, წარმატებული პედაგოგების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი გამოცდილებისა და მიღწევების გაცნობა.