2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრს, ჯაბა ლაბაძეს და მის მოსწავლეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და დაარსებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა; გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, სწავლასა და კვლევისათვის საჭირო მატერიალური შესაძლებლობები. ასევე, დათვალიერებინა უნივერსიტეტის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.
სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარა სემინარი ვიკიპედიისა და ვიკიტექნოლოგიების გამოყენებაზე. ჯაბა ლაბაძე 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში და დაწერილი აქვს 12,300 ენციკლოპედიური სტატია. მან ხაშურისა და სურამის ორ ბიბლიოთეკაში დააარსა ვიკი-კლუბი, ის ხვდება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ასწავლის ვიკი-ტექნოლოგიებსა და ვიკიპედიაში სტატიების განთავსებას. მისი პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი მახასიათებელია სიახლის ძიება და სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების გამოყენება.
ისტორიის სწავლებაში ვიკიტექნოლოგიების როლზე, ვიკიპედიის, როგორც ინფორმაციის სანდო წყაროს შესახებ გამართულ დისკუსიაში სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად, პროფესორებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სემინარის დასასრულს სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლებმა საჩუქრად უნივერსიტეტის გამოცემული წიგნები მიიღეს.
„ჩემი მოსწავლეების და ჩემთვის არაჩვეულებრივი დღე იყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, თავად რექტორი გიორგი შარვაშიძე გვიწევდა მეგზურობას. თსუ ისტორიის ფაკულტეტის პირველკურსელებთან ჩავატარეთ სემინარი ქართული ვიკიპედიის შესახებ: თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ქართულ ვიკიპედიას საზოგადოებისთვის, თუ რა უნარებზე გადიან მოსწავლეები, როცა ვიკიპედიაში წერენ სტატიებს,“- განაცხადა ჯაბა ლაბაძემ.