განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. პროექტი ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები.
“თანამედროვე სამყაროში კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს მანიპულირებადი. გარდა ამისა, დაინახოს საკითხი არამხოლოდ მისი არამედ სხვათა პერსპექტივიდანაც. ამ პროექტით, ჩვენ ვცდილობთ გავცეთ პასუხი შეკითხვებს რა არის და რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი; რაც მთავარია, როგორ უნდა განავითაროს მასწავლებელმა ის მოსწავლეებში. ამ კითხვებს თავად მასწავლებლები პასუხობენ და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას კოლეგებს.” – განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.
პროექტის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, მოწვეული ექსპერტების მხარდაჭერით, სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდება ვიდეო რგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.
განათლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.