Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მე ვთქვი, აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს.“ – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ძალიან გახარებული ვარ და ვულოცავ ლადოს ამ წარმატებას! იყო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის ეს უკვე გამარჯვებაა, არამხოლოდ ლადოსთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის! – განაცხადა საქართველოშიმასწავლებლის ეროვნული ჯილდოსდაარსების იდეის ავტორმა, კოალიციისგანათლება ყველასათვისგამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო – ბრაზილია; დეიზი მერტენს – ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ – დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა – ინდოეთი; მელისა სალგუერო – აშშ; მარტინ სალვეტი – არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან – ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო – იაპონია; პიტერ ტუბიში – კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის  განათლებისა და  უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.

„მსურს მივულოცო ლადოს, რომ ის მრავალრიცხოვანი, ნიჭიერი და თავდადებული მასწავლებლებიდან შერჩეულ ათ ფინალისტთა შორისაა. იმედი მაქვს, მისი ამბავი შთააგონებს მათ, ვისაც სურს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და ასევე უფრო მეტად წარმოაჩენს საქმიანობას, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად“ –  განაცხადა ვარკის ფონდის და მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს დამფუძნებელმა, სანი ვარკმა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. მის შთამბეჭდავ საქმიანობას შორისაა პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ლადო 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

“მასწავლებლის გლობალური ჯილდო” 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.