არჩილ თოდუა ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია 2022 წლიდან. იგი სამი შვილის მამაა, მასწავლებლობა კი მის ოჯახში მრავალწლიანი ტრადიციაა და ამ ნაბიჯით მშობლების საქმეს აგრძელებს. არჩილის პროფესიული საქმიანობის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა აქტიურ და თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მისი გამორჩეული პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომასა და ღია სასწავლო გარემოს შექმნას. იგი აქტიურად იყენებს არაფორმალური განათლების მეთოდებს, განსაკუთრებული აქცენტით პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე, რაც თეორიას პრაქტიკულად ხელშესახებს ხდის.
არჩილი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებსაც აერთიანებს – მის ინიციატივებში სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყვნენ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის, ნინოწმინდის, შუახევის, მარნეულისა და ონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები.
არჩილის მიერ სკოლაში განხორციელებული აქტივობები ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, მულტიკულტურალიზმი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია, კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და სტერეოტიპების მსხვრევა სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდების დაახლოებითა და რეგიონებს შორის მჭიდრო სამოქალაქო დიალოგის გაღრმავებით. სასკოლო ინიციატივებისა და საველე კვლევების მეშვეობით, მოსწავლეები უშუალო გამოცდილებით ეცნობიან შიდა მიგრაციას, მაღალმთიანი რეგიონების დემოგრაფიულ გამოწვევებს, გენდერული თანასწორობის საკითხებს, ეკოლოგიასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. იგი აქტიურად ახორციელებს აქტივობებს, რომელთა მიზანიც მოსწავლეთა პროფესიული ორიენტირების სწორად ჩამოყალიბებაა.
პარალელურად, დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ ეკონომიკურ განათლებას – მოსწავლეები ეუფლებიან ფინანსურ წიგნიერებას, სწავლობენ პირადი ბიუჯეტის დაგეგმვას, საბანკო და საგადასახადო სისტემების არსს, ბიუჯეტირების პროცესებს, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს მრავალფეროვანი გამოცდილება ორგანულად ერწყმის ქართული და მსოფლიო ლიტერატურისა და ფილმების ანალიზს, რაც მათ სიღრმისეულ დამუშავებაში ვლინდება: მოსწავლეები სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის მხატვრული თუ დოკუმენტური ტექსტების, ასევე დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმების მაგალითზე აანალიზებენ ადამიანის უფლებებს, კარგ მმართველობას, თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს. ამ და სხვა სამოქალაქო საკითხებს მოსწავლეები ამუშავებენ და ბოლოს ფართო აუდიტორიამდე მიაქვთ თავიანთი შექმნილი მედიაპლატფორმის, „პოდკასტი N9“, მეშვეობით.
არჩილი აქტიურად ზრუნავს საკუთარი კომპეტენციების გაუმჯობესებაზე, პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგსა თუ სემინარში, რომელთაგან გამორჩეული იყო 2023 წლის ოქტომბერში შვედეთში, სტოკჰოლმში, „ნობელის პრემიის მუზეუმის“ მასწავლებელთა სამიტში მონაწილეობა, სადაც იგი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ჩაერთო. სამიტმა მას მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მსოფლიოს წამყვან მასწავლებლებს, მათთან ერთად განეხილა სკოლაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სწავლების თანამედროვე მეთოდები.
მისი საქმიანობა მხოლოდ სკოლით არ შემოიფარგლება, იგი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის რეგიონული კოორდინატორია, პერიოდულად კი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსს „დემოკრატია და მოქალაქეობა“.
უფრო მეტს მისი საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100089684168390