ხათუნა გოგალაძე ქიმიის დოქტორი, ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელია. 2017 წლიდან მუშაობს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. მან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 2005 წლიდან მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმში, სადაც ასწავლიდა ბიოლოგიას როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენაზე. 2011 წელს ქალაქ ლიონში, საფრანგეთის მასწავლებელთა მე-4 საერთაშორისო ფორუმზე, ხათუნა დასახელდა გამარჯვებულად და მიენიჭა ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის ტიტული.
ხათუნა მოსწავლეებთან მუშაობს არაფორმალური მიმართულებითაც საბუნებისმეტყველო კლუბში. პირველად კლუბი 2012 წელს დააარსა. ის მიიჩნევს, რომ მარტივი ექსპერიმენტები, კვლევითი პროექტები, ლაბორატორიული სამუშაოები, ზოგჯერ მულაჟებისა და მოდელების კეთება მნიშვნელოვნად ამაღლებს მოსწავლეთა საგნისადმი მოტივაციას, ხელს უწყობს მათი ცოდნის გააქტიურებას, რაც აუმჯობესებს საგნობრივი კომპეტენციის ხარისხს. მოსწავლეები მიღებულ ცოდნას უკავშირებენ ყოფა-ცხოვრებას. ბიოლოგიის საგანი ხდება უფრო მიმზიდველი და დაძლევადი. ხათუნა აწყობს მეცნიერული კვირეულს, სადაც მოსწავლეები წარადგენენ კვლევითი პროექტებს. მოსწავლეებს უვითარდებათ გუნდურობის, თანასწორობის, საუბრის კულტურის, აუდიტორიის ფლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი. კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად იყენებს თავის მიერ შექმნილ მედიაწიგნიერების გაკვეთილებს. მისთვის პრიორიტეტულია მოსწავლეებში სწავლის მიმართ გულისხიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციის მიზნით 2013 წელს მან დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია “ასოციაცია-ბიო”, რომლის, როგორც დამფუძნებელი, ასევე აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაციის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ მოიპოვა საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში გამოცდილება გაუზიარა საქართველოს ბიოლოგიის მასწავლებლებს. გრანტის ფარგლებში მისი ორგანიზატორობით შედგა ორი კონფერენცია, როგორც აღმოსავლეთ, ასე დასავლეთ საქართველოში. ხათუნა მუდმივად უზიარებს გამოცდილებას ვებინარებსა თუ სამუშაო შეხვედრებზე ბიოლოგებს.
ის არის ბუნების მე-5 და მე-6 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოს, ბიოლოგიის ტესტებისა და მეთოდური წიგნების ავტორი, ქიმიის ვიდეოგაკვეთილების შემქმნელი ექსპერტი-„კოდალას აკადემია“, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის, საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მომხსენებელი და მიწვეული დელეგატი.
ბიოგრაფია
ხათუნა გოგალაძე დაიბადა 1978 წლის 19 ოქტომბერს. 2000 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი და მიენიჭა ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. სწავლობდა საფრანგეთში 2001-2002 წელს პარიზის Ecole de langues CFILC-ს სასწავლებელში, ხოლო 2002 წელს ჩააბარა პიერ და მარი კიურების უნივერსიტეტში. 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაში გენეტიკის სპეციალობით, ხოლო სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა დოქტურატურაში ფიზიკური ქიმიის მიმართულებით. 2016 წელს მიენიჭა ქიმიის დოქტორის ხარისხი. 2011-2017 წწ. ის გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2011 წელს ქალაქ ლიონში, საფრანგეთის მასწავლებელთა მე-4 საერთაშორისო ფორუმზე, ხათუნას მიენიჭა ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის ტიტული. 2019 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებელი გახდა კონკურსის ფინალისტი. ხათუნას დაუგროვდა 14 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა ათეულის წევრი. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.