თინათინ ზარდიაშვილმა 2005 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამაზე. მასწავლებლობაც მაშინ გადაწყვიტა, თან პარალელურად მუშაობდა თსუ-ს ბიოქიმიის დეპარტამენტში ლაბორატორიაში. 12 წლიანი პრაქტიკის და მუდმივი თვითკრიტიკის წყალობით დღეს ის გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში ამ ეტაპზე ერთადერთი მასწავლებელია, რომელსაც სამ ურთულეს დისციპლინაში – ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში – აქვს სასერთიფიკატო გამოცდა ჩაბარებული. ორი წელი სამივე საგანს ასწავლიდა, მაგრამ შემდეგ თავის კოლეგებს დაუთმო ასპარეზი და ახლა მხლოდ ქიმიის მასწავლებელია თბილისის N143 საჯარო სკოლაში.
მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებას ცდილობს ძირითადად განმავითარებელი შეფასების გამოყენებით, რადგან მიაჩნია, რომ ასეთ მიდგომა განმსაზღვრელ შეფასებასთან შედარებით ბევრად ეფექტურია. სწავლების და შეფასების პროცესში იყენებს დიფერენცირებულ მიდგომებს: გაკვეთილის დაგეგმვის დროს ითვალისწინებს თითქმის ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ურჩევს დავალებებს. თითოეული მოსწავლის პროგრესს ინდივიდუალურად აფასებს და არა სხვებთან მიმართებით. ხშირად მიმართავს ხოლმე ინტერგირებულ გაკვეთილებს, მაგალითად, ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და მათემატიკაში – ,,რატომ არის უჯრედი ასეთი პატარა“ რომელმაც მონაწილეობა მიიღო Lemil-ის პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ამავე კონკურსში ქართულისა და ქიმიის ინტეგრირებული გაკვეთილი „სიყვარულის ქიმია“ მოხვდა საუკეთესო გაკვეთილების ათეულში. სასწავლო პროექტების დახმარებით ცდილობს მოსწავლებს ჩამოუყალიბოს სოციალური და სამოქალაქო, მედიაწიგნიერების, სემიოტიკური და სხვა გამჭოლი კომპეტენციები.
თინათინი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში: ორი ვადით იყო სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრი, არის პროფესიული განვითრების ფასილიტატორი, სკოლამ მის მიერ დაწერილი პროექტების დახმარებით საგრძნობლად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო. გარდა ამისა, სკოლაში არის შეფასების ჯგუფის ფასილიტატორი, შესაბამისად ორიენტირებულია კოლეგების დახმარებასა და თავისი გამოცდილების გაზიარებაზე.
12 წლიანი პრაქტიკის მანძილზე იგი მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. 2012 წელს შემდეგ მიენიჭა საუკეთესო შედეგების მქონე სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ქიმიაში, უკვე სამი წელია სკოლაში უძღვება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას. გაიარა ტრენერთა სკოლა, მიენიჭა ტრენერის სერთიფიკატი და ახლა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ატარებს. თავისი პროფესია ძალიან უყვარს და ცდილობს იგი ახალგაზრდებისთვისაც მიმზიდველი გახადოს. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობა მიიღო პროექტში: ,,მოსწავლე- მასწავლებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაგეგმეს და ჩაატარეს გაკვეთილები.
ბიოგრაფია
თინათინ ზარდიაშვილი დაიბადა 1981 წლის 17 სექტემბერს. დაამთავრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საშუალო სკოლა. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 2005 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ბიოქიმიის მიმართულებით. მიენიჭა ბიოქიმიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ ქალაქ თბილისის N 143 საჯარო სკოლაში. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ბუნებას, ფიზიკას, ბიოლოგიას, მეცნიერებების საფუძვლებს და ქიმიას. თინათინ ზარდიაშვილი არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროექტის ტრენერი, ზოგად-პროფესიული უნარების და ქიმიის მიმართულებით. 2017 წელს მონაწილეობდა ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში, იყო ათეულის წევრი. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.