სოფიო ქუხილავა

სოფიო ქუხილავა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. სოფიო ქუხილავა მრავალი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის ავტორი და თანაავტორია, გამარჯვებულია არაერთ საგრანტო კონკურსში, თემისა და სკოლის განვითარებისთვის, სხვადასხვა დროს, მისი პროექტებისთვის გამოყოფილი გრანტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას მოხმარდა. 2024 წელს გახდა „სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეული მასწავლებელი.

სოფიოს პედაგოგიური პრაქტიკის ძლიერი მხარეებია:  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, არაფორმალური განათლების გაძლიერება სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში,  გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, ღირებულებითი განათლება, მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარება, საზოგადოებრივი აქტიურობა, პროფესიული განვითარება, გამოცდილების გაზიარება.

სოფიოსთვის პრიორიტეტულია სწავლა კეთებით. არასტანდარტული გაკვეთილები მოსწავლეების ინტერესსა და მოტივაციას ზრდის, ეს  მიზნის მიღწევაში ეხმარება: ბავშვები სწავლობენ სიმღერით, როლური თამაშებით, სიმულაციებით. მრავალფეროვანი აქტივობები მისი კლასგარეშე პროექტების შემადგენელი ნაწილია. ხელმძღვანელობს როგორც საგნობრივ, ისე ლიტერატურულ,  ციფრულ,  დოკუმენტური ფილმების, მედიაწიგნიერების კლუბს და ეკოკლუბს. აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში. სახალხო დაფინანსებით სკოლის სხვენში მოაწყო მულტიფუნქციური სივრცე, სადაც იმართება როგორც ქართულენოვანი,ისე ინგლისურენოვანი ფილმების ჩვენება, დისკუსიები… მეზობელ სკოლებთან ერთად ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, იდგმება სპექტაკლები.

სწავლის დინამიკაზე და მოსწავლეების განვითარებაზე დაკვირვება სოფიოსთვის სასიამოვნო პროცესია. მისი მოსწავლეები აქტიურები და კონკურენტუნარიანები არიან, საავტორო ინგლისური ენის რაიონულ კონკურსში ყოველწლიურად საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებსა და სამიტებში. როგორც მომხსენებლები, გამოცდილებას უზიარებენ უცხოელ თანატოლებს, არიან ინგლისურენოვანი ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები, FLEX-ის  ნახევარფინალისტები და ეს ყველაფერი სოფოს მიერ საინტერესოდ დაგეგმილი საგაკვეთილო და საკლუბო აქტივობების შედეგია. აკადემიური მიღწევების პარალელურად სოფიოსთვის საქმიანობის მთავარი ორიენტირი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე აქტიური, ტოლერანტი და სხვა ადამიანურ ღირებულებებზე ორიენტირებული მოქალაქის ჩამოყალიბებაა.

სოფიო რამდენიმე რაიონული კონკურსის ორგანიზატორია, ასევე სამი მასშტაბური პროექტის თანაავტორი, მისი ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსი „მდგრადი სკოლა“ მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას ემსახურება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მასწავლებლებს აქტიურად უზიარებს გამოცდილებას და რთავს  კონკურსში. მისი ინგლისური ენის რაიონული კონკურსი „The Best In English“ ყოველწლიურად უფრო მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს იზიდავს. ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისას სოფიო გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.

აქტიურად არის ჩართული თემის განვითარებაში, მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბა „სათემო აქტივისტთა კლუბი“. კლუბის წევრები ბევრს მუშაობენ ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. აწყობენ საქველმოქმედო აქციებს თემსა და რაიონში, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, თანამშრომლობენ საქველმოქმედო ფონდებთან. სოფიო არის  ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი, მონიტორინგის სპეციალისტი,  მეწარმეობის კლუბის თანადამფუძნებელი. „ორბელიანი მეტის“ იდეების კონკურსის ფარგლებში მის მიერ მოპოვებული დაფინანსებით კეთილმოეწყო ბაღის  ეზო და   სკოლის სპორტდარბაზი. მას ბევრი საინტერესო იდეა აქვს, ახალი მიზნები და იმედი, რომ აუცილებლად  შეძლებს მათ განხორციელებას.