ნუკრი კარკაძე –პოეტი, ავტორ–შემსრულებელი, ფილოლოგიის დოქტორი და მუსიკის მასწავლებელია. 1997 წელს დაამთავრა როკითის საჯარო სკოლა, 2000 წელს – ქუთაისის ხელოვნების ლიცეუმის საფესტივალო–საესტრადო განყოფილება, 2004 წელს – ქუთაისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი, 2008 წელს კი – ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა მუსიკალური ხელოვნების სპეციალობით. 2023 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ოქროს ხანა, ნანატრი მშვიდობა თუ პროგრესის შეფერხება რომაულ პოეზიაში“ /დანართი: მშვიდობა და ჰორაციუსის ოდების მუსიკალური არქიტექტურის მეტატექსტუალური ანალიზი (,,ფილისს“, საიუბილეო ჰიმნი ანუ ჰიმნი საუკუნო“/, დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი. ნუკრი ბევრი საინტერესო არაფორმალური მუსიკალური საგანმანათლებლო პროექტის ავტორია. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული, ასევე, საბავშვო სიმღერების ნოტების კრებული და კომპაქტ–დისკი. მის სიმღერებს ხშირად ასრულებენ ქართველი მომღერლები. შექმნილი აქვს მუსიკალური სასწავლო თამაშები და არაფორმალური განათლების კუთხით 100 მუსიკალური რესურსი, საინტერესოა მისი ინტეგრირებული გაკვეთილები, დაარსებული აქვს რეგიონული ფესტივალები: ,,ჰარმონია’’ და ,,ქართული ხელოვნების ფესტივალი’’. მისი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე. მისმა დაწერილმა პიესამ ,,ჩაი და დეკემბერი“ საერთაშორისო ფესტივალზე ,,N -ოვაცია 2021“ წლის საუკეთესო მუსიკალურ სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვა. ის ბაღდათის სახალხო და თოჯინების თეატრის მუსიკალური გამფორმებელია . ნუკრიმ მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლი ,,ირინეს ბედნიერება“ და ,,თეატრალური იმერეთი 2024-ზე“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმების ნომინაციაში გაიმარჯვა. მის საბავშვო სიმღერებზე გადაღებულია 200–მდე მუსიკალური კლიპი. ნუკრის სიმღერებს ბავშვები მთელი საქართველოს მასშტაბით ასრულებენ. ქუთაისში, ცაგერში, ხონის მუნიციპალიტეტში მოეწყო მისი შემოქმედებითი საღამოები.
აღსანიშნავია მისი პროექტი ,,შინდისის გმირები’’, რომელიც დიდი წარმატებით განხორციელდა ხუთი მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა მონაწილეობით. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მე–3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო პირები. პროექტის პრეზენტაცია მოეწყო სოფელ როკითის ასწლოვანი ძელქვების ქვეშ.
მოსწავლეებს, რომლებიც კონცერტზე ნუკრის სიმღერებს ასრულებდნენ, საშუალება მიეცათ, ემღერათ სიმებიან კვარტეტთან ერთად. ბაღდათის შვიდი თებერვლის ტრაგედიას მან შვიდი AVE MARIA მიუძღვნა და მისი მუსიკალური პროექტის ფარგლებში გაიმართა მასშტაბური კონცერტი, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ნუკრი მრავალი პროექტის ავტორია: ,,მე ვზრუნავ როკითზე“, ,,ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე“, ,,ვასწავლოთ ბავშვებს ქველმოქმედება“, ,,მეტი მუსიკა ბავშვებს“, ,,მუსიკა სხვისი ბედნიერებისთვის“, ,,რაფსოდია ავტოგრაფით“, ,,რევაზ ლაღიძის კვალდაკვალ“, ,,საუკუნის ადამიანები“, ,,ქველმოქმედებაა ყველაზე კარგი ქმედება“, ,,მუსიკა გვკურნავს“ და სხვა. როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნუკრი კარკაძის ,,სააღდგომო საგალობელი“ სატელევიზიო არხებმა გააშუქეს. ის თავდაუზოგავად შრომობს სოფელში მიგრაციის შესაჩერებლად. წამოიწყო პროექტი ,,მუსიკალური არდადეგები ფერსათის მოედანზე“. 2022 წელს ნუკრი კარკაძე ,,ბაღდათის წლის ადამიანად“ დასახელდა. ამ ეტაპზე მუშაობს საარქივო მასალებზე და იკვლევს ქართული ოპერის ლიბრეტოს ისტორიას, პარალელურად იკვლევს ქართულ მითებსა და ზღაპრებში მუსიკის საფუძვლებს.
2019 წელს ის მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ,,საუკეთესო მუსიკის მასწავლებლის“ კონკურსის ფინალისტი გახდა.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.