2007 წლიდან ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში გეოგრაფიას, მოქალაქეობას და ჩვენი საქართველოს ასწავლის; არის გიმნაზიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ზოგადი განათლების ხარისხის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ორგანიზაცია ,, ყვარლის განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
მთავარ მიღწევად მიიჩნევს მოსწავლეებთან და სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე, პატივისცემაზე, სამართლიანობაზე, ემპათიაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე და სოციალიზაციაზე; ცდილობს, მოსწავლეებს გადასცეს საგნობრივი ცოდნა და უნარები, რომელსაც გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში , ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ, პასუხისმგებლობიან, სწორი ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, არის მაგალითის მიმცემი და მოტივატორი მოსწავლეებისათვის და კოლეგებისთვის. სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს თანამედროვე, ინოვაციურ, მრავალფეროვან, მოსწავლეთა საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მეთოდებს: პროექტულ სწავლებას, სასწავლო თამაშებს, გაკვეთილებს ბუნებაში, მუზეუმში, ვიზიტებს სხვადასხვა ინსტიტუციებში, სწავლას კეთებით, რასაც ყოველთვის თან ახლავს მოსწავლეთა რეფლექსია. აქტიურად ეწევა მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და დანერგვას სასკოლო საზოგადოებაში.
მისი ჩართულობით განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საქველმოქმედო, გარემოსდაცვითი ღონისძიება; აქტივობები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ; კონფერენციები კლიმატის ცვლილების, ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, სხვადასხვა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები…
მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებში, ოლიმპიადებსა და კონკურსებში; რეგიონის მასშტაბით არიან მდგრადი განვითარების ოლიმპიადის გამარჯვებულები, ნინოს მოსწავლემ-ესპანეთში, Erasmus+ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, თვითონ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში. საერთაშორისო პროექტებში მიღებულ გამოცდილებას(Erasmus + პროგრამები ავსტრიაში, ესტონეთში, ფინეთში) იყენებს პრაქტიკაში, უზიარებს კოლეგებს… მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა პროექტში ჩართულობით არაერთი წარმატება მოუტანა სკოლას: საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოხერხდა სპორტული მოედნის აღდგენა; გაიმარჯვეს ტექნიკის კონკურსში ; პროექტის „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ჩემს ქალაქში“ ფარგლებში, ქალაქში არსებული ნაკლებად ცნობილი ან მივიწყებული ძეგლები გამოიკვლიეს, აპირებენ შექმნან განახლებული ტურისტული რუკა და გაავრცელონ ბუკლეტები; სკოლაში განათავსეს ,,მწვანე ყუთები”, მათ მიერ შეგროვილ მაკულატურას ცვლიან წიგნებში ; ნინო მენტორობას უწევს გოგონებს საერთაშორისო პროექტში Technovation Girls , მათი აპლიკაცია ,,WISE WAY” გათვლილია თემში არსებულ საგანმანათლებლო, მუნიციპალურ, სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ;
ნინოს ხელმძღვანელობით დაარსდა ილიასმცოდნეობის კლუბი, რომელიც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და მოღვაწეობის გაცნობით სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებას ისახავს მიზნად. ასევე , დააფუძნა ორგანიზაცია, რომლის მიზანია ილიას სამშობლოში, ილიას მიდგომებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება – ქალთა, მოზარდთა, ზრდასრულთა, სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის ადამიანების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აქტიურადაა ჩართული ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების გავრცელებაში.
თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თვითმმართველობასთან. ატარებს ტრენინგებს , შეხვედრებს მასწავლებლებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ზრდასრული მოსახლეობისთვის, აწყობს გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.