თბილისის N126 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. თერთმეტი წელია პატარებს ასწავლის. დაწყებითი განათლების მიმართულებით ბაკალავრიატი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა, განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა. არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი, ჟურნალ mastsavlebeli.ge-ის სტატიების ავტორი, რამდენიმე წელია მონაწილეობს ელექტრონული ჟურნალის დანერგვაში, პარალელურად მუშაობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. ნათია „სულაკაურის გამომცემლობის” 2022 წლის რჩეულ მასწავლებლად დასახელდა.
თვლის, რომ ცოდნა, უპირველესად, ყოფით გარემოში ტრანსფერს გულისხმობს და მასწავლებლის როლი და მიზანიც ეს უნდა იყოს – დაეხმაროს მოსწავლეებს, მიღებული ცოდნა ცხოვრების თანამგზავრად აქციონ. ნათია ფიქრობს, რომ ახლის ძიება, დანერგვა, მოზარდების საქმიანობაზე დაკვირვება და მათი საჭიროებების განსაზღვრით ახალი თამაშებისა და აქტივობების მოფიქრება საგნის ხალისით ათვისებისთვის, მოსწავლეების სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია. მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არაფორმალურ განათლებას და ხშირად ატარებს გაკვეთილებს ღია სივრცეში. ნათია და მისი მოსწავლეები თავად ქმნიან მატერიალურ რესურსებს, რომლებსაც შემდეგ, საგაკვეთილო პროცესში, მრავალჯერადად იყენებენ.
ნათიას მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადებში მონაწილეობენ. მათი წარმატება ნათიას აქტიური და სწორად შერჩეული სასწავლო მეთოდების შედეგია. ერთ-ერთი იყო eTwinningPlus-ის მიერ განხორციელებული კონკურსი „მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე“. კონკურსის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. ნათია ხშირად მონაწილეობს კონფერენციებში, სადაც მასწავლებლებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ის სასკოლო პროექტები, რომელსაც სხვადასხვა სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს, ხელს უწყობს სკოლებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მოსწავლეების ინტერესის ზრდას. ნათია საბავშვო გადაცემა „ერუდიტი TV“-ს ავტორია. გადაცემის ფორმატი და შინაარსი მოსწავლეს საჭირო და მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში ეხმარება.
პანდემიის პერიოდში შექმნა ჯგუფი „აქტივობები კლასში“. შექმნის დღიდანვე ჯგუფის წევრებს პასუხებს სცემდა კითხვებზე და სრულიად უანგაროდ უზიარებდა სასწავლო რესურსებს და ვიდეოინსტრუქციებს, რამაც მნიშვნელოვნად გაუმარტივა სასწავლო პროცესში პანდემიით გამოწვეული სირთულეები მასწავლებლებს. ჯგუფში უკვე 92 ათასზე მეტი წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი საჭირო და მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ნათიას თქმით, ამ ეტაპზე, ჯგუფში თავმოყრილი რესურსები ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანკია. ის მოიცავს თითქმის ყველა საგანს და დაინტერესებულ პირს, საძიებო სისტემის გამოყენებით, მარტივად შეუძლია მისთვის საჭირო მასალის მოძიება. ჯგუფი მრავალფეროვანი, სახალისო რესურსებისთვის, გამოცდილების და აზრის გაზიარებისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ნათია ხშირად ატარებს ვებინარებს მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, თანამშრომლობს ახალბედა მასწავლებლებთან, უზიარებს გამოცდილებას. სივრცე ღიაა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებით და სიახლეებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.