სსიპ ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. 1987 წლის სტიქიის გამო მისი ოჯახი, სხვა თანასოფლელებთან ერთად, ჭუბერიდან დმანისში გადმოასახლეს. სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრების თავიდან დაწყებამ, ის ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბა. სამოქალაქო ღირებულებები, ფასეულობები, რომელსაც ნათია თავის მოსწავლეებს საგანთან ერთად ასწავლის, განსაკუთრებულს ხდის მის პედაგოგიურ მოღვაწეობას. დღეს ნათია იმ სკოლაში ასწავლის, რომელიც თავად დაამთავრა. ჰყავს აფხაზეთიდან ორგზის დევნილი მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი ვაჟი.
ნათია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტულ სწავლებას, მისი პროექტები ძირითადად ორიენტირებულია ციფრული მოქალაქეობის უნარების განვითარებაზე, გარემოს დაცვით საკითხებზე, მოხალისეობის და ქველმოქმედების მნიშვნელობაზე. საპროექტო თემებს სკოლასა და თემში არსებული პრობლემების მიხედვით არჩევს. მისი მიზანია, მოსწავლე მოამზადოს ცხოვრებისთვის, როგორი აკადემიური მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეს მას. აქტიურად თანამშრომლობს eTwinning-თან, USAID- თან, Phinternational-თან, CENN-თან, სიქასთან, განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან. მოპოვებული აქვს არაერთი გრანტი, რამაც საშუალება მისცა, სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური ოთახი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკით და მოსწავლეებისათვის საინტერესო წიგნადი ფონდით. ოთახში ფუნქციონირებს კინოკლუბი და „ნორჩმკითხველთა კლუბი“.
ნათია არასდროს აკეთებს საქმეს მარტო, აქტიურად თანამშრომლობს თვითმმართველობის მოსწავლეებთან. მისი კურატორობით მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში ნათიას მოსწავლეებმა, ტექნიკასთან ერთად, სკოლას მოუპოვეს “ლიდერი სკოლის ტიტული“. მისი აქტიური მხარდაჭერით, მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში, სადაც ნათია ასწავლის, ქართველებთან ერთად სწავლობენ აზერბაიჯანელი მოსწავლეები. ენობრივი ბარიერი სასწავლო პროცესს ართულებს, თუმცა ნათიამ ეს გამოწვევა შესაძლებლობად აქცია. მან შექმნა ლექსიკური მარაგის ასათვისებელი ონლაინრესურსების ბანკი, Quizlet.com-ზე, ამ რესურსების მეშვეობით ქართველი მოსწავლეები ადვილად სწავლობენ ინგლისურ სიტყვებს, აზერბაიჯანელი ბავშვები ინგლისურთან ერთად მარტივად ითვისებენ ქართულ ენას, რასაც სიტყვებზე დართული ბარათები კიდევ უფრო აადვილებს. ეს რესურსები გაზიარებულია ონლაინ სივრცეში და ბევრი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ნათია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინკლუზიური და ინტეგრირებული გარემოს შექმნას როგორც სკოლაში, ისე თემში. ამ მიმართულებით განახორციელა ორი პროექტი „კიბერბულინგი და მოზარდები“ და “ნუ წამართმევ ბავშვობას“. პირველი პროექტის მნიშვნელობა, დახურულ ჯგუფებში გაზიარებული ფოტოების გამო, მოსწავლეებში შექმნილი ფარული დაძაბულობის ფონზე გამოიკვეთა. პროექტზე მუშაობის პროცესი შეცდომების გააზრებისთვის და პრევენციისთვის აუცილებელი და საჭირო აქტივობებით იყო დაგეგმილი. პროექტის მსვლელობის დროს, მოსწავლეებმა კიბერბულინგზე მიმდებარე სკოლებშიც ჩაატარეს შეხვედრები. მეორე პროექტი “ნუ წამართმევ ბავშვობას“ მიეძღვნა ადრეული ქორწინების თემას. სოციუმში არსებობდა სტერეოტიპი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ აზერბაიჯანულ თემში არსებობდა, ნათიამ ეს პრობლემა სვანურ ტრადიციებთან პარალელების გავლით განიხილა. პროექტში მშობელთა უპრეცედენტო ჩართულობა დაფიქსირდა. საუკეთესო შედეგი კი ის არის, რომ მე-11 კლასელი გოგონა, რომელიც დანიშნულია, სრულწლოვან ასაკამდე აღარ გათხოვდება.