2009 წლიდან სსიპ – ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მართალია, ორი წელი ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობდა, მაგრამ როცა უმაღლესსა და სკოლას შორის მოუწია არჩევანის გაკეთება, სკოლა აირჩია და დღემდე ასეა: ახალ საქმიან შეთავაზებას მხოლოდ მაშინ თანხმდება, თუ ხვდება, რომ სკოლაში მოღვაწეობას არათუ ხელს შეუშლის, პირიქით, დაეხმარება კიდეც.
ნათია ნაფეტვარიძე ცდილობს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს და განუვითაროს ისეთი ღირებულებები, რომლებიც მას ღირსეულ პიროვნებად აქცევს. ზრდასრული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისთვის გამოსადეგი უნარები. სასწავლო პროცესში მოსწავლეებში სწორედ ამ ტიპის უნარების განვითარებაზე მუშაობს, ადამიანს უნდა შეეძლოს განსხვავებული აზრის პატივისცემა, მოსმენა და გათვალისწინება. თუმცა, ცხადია, ასევე უნდა შეეძლოს საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულად და დამაჯერებლად დასაბუთება და დაცვა. ამ უნარების განსავითარებლად მხატვრულ ტექსტებს იშველიებს, რადგან ლიტერატურა მრავალფეროვან გამოცდილებას ეყრდნობა და მოსწავლეებს ასწავლის, როგორ გახდნენ უკეთესები. ისინი კითხულობენ, მსჯელობენ და შემდეგ ცდილობენ, წიგნებიდან ნასწავლი ცხოვრებაშიც დანერგონ. ყოველთვის წახალისებულია მოსწავლეების თავისუფალი აზროვნება, ცდილობს, აზრის შეუფერხებლად გამოთქმის შესაძლებლობით, მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების, თანაგრძნობის, სხვისი აზრის მოსმენის უნარები, რაც მათ საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მოქალაქეებად აყალიბებს. ნათიასთვის საამაყოა, რომ მისი აღზრდილები, საკუთარ პროფესიაში წარმატებულები, სწორედ ბავშვობაში ჩამოყალიბებული ღირებულებების გათვალისწინებით ცხოვრობენ. ნათიას ყოფილი მოსწავლეებიდან ბევრი მასწავლებელია და უკვე თავად ცდილობენ, მოსწავლეები იმ ფასეულობების და ღირებულებების გათვალისწინებით აღზარდონ, რომელთაც ბავშვობაში ეზიარნენ.
ნათია გამუდმებით ეძებს სიახლეებს და ცდილობს განვითარებას, რადგან ფიქრობს, მასწავლებელმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს სწავლა. კითხულობდა პედაგოგიური პრაქტიკის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ეტაპზე, საგანმანათლებლო სფეროში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: არის მასწავლებელი (მენტორის სტატუსით), მასწავლებელთა ტრენერი, ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს სტატიების ავტორი, „სულაკაურის გამომცემლობის“ საგანმანათლებლო მიმართულების მენეჯერი, სახელმძღვანელოების თანაავტორი, რედაქტორი და მეთოდური კონსულტანტი (არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით), ცდილობს, ქვეყნის შიგნით, შეარჩიოს ავტორები საუკეთესო სახელმძღვანელოების შესაქმნელად და საგანმანათლებლო რესურსების მოძიების კუთხით ითანამშრომლოს უცხოეთში წამყვან გამომცემლობებთან. გამომცემლობის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს პროექტზე „მადლობა მასწავლებელო“, რომლის მიზანია, წაახალისოს მასწავლებელთა საინტერესო აქტივობები და გამოარჩიოს, საზოგადოებას გააცნოს განსაკუთრებული პედაგოგები, ხელი შეუწყოს პროფესიის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ დაჯილდოებული ბევრი მასწავლებელი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრია უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ კამპანია სწორი გზით მიდის.
ნათიას მტკიცედ სჯერა, რომ განათლებული მომავალი თაობა თავისუფალი, ბედნიერი ქვეყნის შენებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს აუცილებლად შეიტანს, და რომ მასწავლებლების როლი ამ საქმეში უდიდესია. გამოწვევა ბევრია და ის, როგორც მასწავლებელი, ამ გამოწვევებისთვის მზად არის.