ნანა მარღანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის ჩვენი საქართველოს, მე და საზოგადოებისა და სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელია; არის განათლების ხარისხის განვითარების საგნობრივი ექსპერტი. ასევე, ექსპერტია ევროსაბჭოს პროექტში „დემოკრატია იწყება სკოლაში“. წარმოშობით აფხაზეთიდანაა.
თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილებები მოუტანა თემსა და სკოლას: აზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას, თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ხელს უწყობს მოსწავლეებში ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას. სკოლაში დააფუძნა სამოქალაქო განათლების, მოხალისეთა და მედიაკლუბები; ფასილიტაციას უწევს მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობას; მისი პედაგოგიური პრაქტიკის საფუძველია კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა, სამართლიანობა, თანასწორობა, აქტიური მოქალაქეობა და საზოგადოებრივი ჩართულობა. ქმნის მრავალფეროვან, ინკლუზიურ სასწავლო მასალას, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა. ზრდის მოსწავლეებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობას; ასწავლის გლობალურ მოქალაქეობას, კულტურული მრავალფეროვნების აღიარებასა და პატივისცემას. ამ მიზნით განახორციელა პროექტები: „ჩვენ და ევროპა“, „მე და კონსტიტუცია“, „მოხალისეობა – ნაბიჯი ცვლილებებისკენ“, „თანასწორობის ბაღი“, „რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მოზარდები“, „ეკოლოგიური წიგნიერება მდგრადი განვითარებისათვის“,„იკვლიე, მოსჩხრიკე, შეამოწმე!“, „დემოკრატიული პედაგოგიკა“ და სხვა. 2019 წელს გაიმარჯვა პროექტში „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში „1+1 დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“, „სიმულაციისა და თეატრის მეთოდით სწავლება“.
მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შედეგია მოსწავლეების წარმატება სასკოლო და რეგიონულ კონკურსებში, საგრანტო პროექტებსა და ოლიმპიადებში. ნანა განსაკუთრებით ამაყობს პროექტით „ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა“, რომლის მიზანი თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მათზე ზრუნვა და პოპულარიზაციაა. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, გაიარეს სტაჟირება მუზეუმში, შეიძინეს გიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, უმეგზურეს მეზობელი სკოლის მოსწავლეებს, ტურისტებს. შექმნეს ციფრული რესურსები სოფელ ვარციხის ღირსშესანიშნაობების შესახებ, დაამზადეს ვიდეორგოლი და ბუკლეტი QR კოდით. ხუთი გადამზადებული „მხარის მეგზური (გიდი)“ მოსწავლე დაინტერესებულ პირებს შესანიშნავად აცნობს ადგილობრივ კულტურას. აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა მასწავლებელთა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე. USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლამ მოიპოვა რეგიონში ლიდერი სკოლის ტიტული (სკოლა აღიჭურვა ტექნიკით). როგორც პედაგოგი, ნანა მარღანია ამ მიღწევებით ამაყობს, რადგან ამით მოსწავლეებს დაეხმარა, გაეცნობიერებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა; სკოლასა და თემში კი გააძლიერა დემოკრატიული ღირებულებები.
მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის მართავს სემინარებსა და ვორკშოფებს, აზიარებს ინოვაციური სწავლების მეთოდებს, დამწყებ მასწავლებლებს ეხმარება პროფესიული უნარების დაუფლებასა და განვითარებაში. ატარებს საჯარო ლექციებსა და შეხვედრებს მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან, საუბრობს აქტიური მოქალაქეობის სწავლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობასა და გავლენაზე. მშობლების ჩართულობით ნანამ შექმნა მოხალისეთა ბაზა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობების განსახორციელებლად. UNICEF-თან თანამშრომლობით ხელმძღვანელობდა პროექტს „პოზიტიური მშობლობა“. თემში შექმნა სამიზნე ჯგუფი 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებთან, აღზრდის პოზიტიური პრინციპების გავრცელების ხელშესაწყობად. მშობლებმა, მასწავლებლებმა, ბაღის აღმზრდელებმა შეიძინეს პოზიტიური აღზრდის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ნანა მარღანია გამუდმებით ეხმარება ახალგაზრდებს, გახდნენ აქტიური, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები, ასწავლის მათ ლიდერობას, აძლიერებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თანასწორობა, თავისუფლება, განსხვავებულის მიმღებლობა.