Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მარინე ფორჩხიძე

მარინე ფორჩხიძე

მარინე ფორჩხიძე სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლისა და სსიპ ზესტაფონის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელია. მარინე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბაკალავრი და ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებებისა და მართვის მაგისტრია. სკოლაში მუშაობა 21 წლის ასაკში დაიწყო და მისი პედაგოგიური მოღვაწეობა 9 შემოქმედებით წელს ითვლის. 2019 წელს საქართველოში საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულია და ასევე არის ინდოეთის მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2020-ის ფინალისტი.

მარინეს პედაგოგიური პრაქტიკა გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით. ის და მისი მოსწავლეები არიან e-Pals და e-Twinning სასწავლო პლატფორმების წევრები, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებთან ერთად ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს. მოსწავლეებს აქვთ კომუნიკაცია განსხვავებული კულტურისა და რელიგიის მქონე თანატოლებთან, რაც ეხმარებათ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების განვითარებაში. ის გაკვეთილებზე იყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო ონლაინ ინსტრუმენტებს – Web.2.0: Lino, Storeyjumper(e-Book), Flipgrid, joomag, Padlet, რითიც მოსწავლეებს ეხმარება მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების ათვისებაში. ხოლო მინი-სპექტაკლები, ტელე-შოუები და როლური თამაშები მარინეს ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგიური მეთოდია.

მარინე  განსაკუთრებით ამაყობს მოსწავლეების მიღწევებით. ეროვნული გამოცდების გარდა, ისინი წარმატებით აბარებენ კემბრიჯის ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდას. მის მოსწავლეებს ინგლისურ ენაზე შექმნილი აქვთ ციფრული გამოცემები, კერძოდ, 100-მდე ინდივიდუალური, ჯგუფური და საერთაშორისო ელექტრონული წიგნი, ელექტრონული სასკოლო ჟურნალები და ბროშურები. e-Twinning-ის კონკურსის ფარგლებში ინგლისურ ენაზე ციფრული მულტიმედიური რესურსის შექმნისთვის დაჯილდოვდა მისი ერთ-ერთი მოსწავლე.

მარინე ინგლისური ენის არაერთი უფასო საზაფხულო სკოლისა და სასკოლო კლუბის ორგანიზატორია. ერთი წელია, რაც სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს უსასყიდლოდ ეხმარება ინგლისური ენის შესწავლაში. აღნიშნული ქმედებით ცდილობს ე.წ. რეპეტიტორობის ინსტიტუტის ჩანაცვლებას, საჯარო სკოლის ავტორიტეტისა და მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდას. გარდა ამისა, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის მნიშვნელოვან საქმეს ეწევა მთელი საქართველოს მასშტაბით და გახლავთ პროექტის „მოხალისე” ორგანიზატორი და დამაარსებელი, რომელიც მიზნად ისახავს, უსასყიდლოდ დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და სსსმ მოსწავლეებს. პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა რეგონიდან. მარინეს სჯერა, რომ „სიკეთე გადამდებია“ და ამ საქმეში კიდევ ბევრი მოხალისე შემოუერთდება.