ჯაბა ლაბაძე

ჯაბა ლაბაძე

ჯაბა ლაბაძე მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მისი სამუშაო გამოცდილება იწყება 1994 წლიდან, ხოლო აღნიშნულ სკოლაში ასწავლის 2008 წლიდან. 2003 წელს გახდა რეგიონის წლის საუკეთესო მასწავლებელი. 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში და უახლესი მონაცემებით დაწერილი აქვს 12,300 ენციკლოპედიური სტატია. 2015 წლიდან ჯაბა ლაბაძე არის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი და აქტიურადაა ჩართული განათლების სისტემაში პროფესიული თვალსაზრისით მიმდინარე ცვლილებებში.

ჯაბას პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი მახასიათებელია  სიახლის ძიება და სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების  გამოყენება. მან  მოსწავლეების მოტივაციისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისათვის  სწავლების პროცესში  დანერგა ვიკი-ტექნოლოგიები. თავდაპირველად, მე-10 კლასის მოსწავლეები ისტორიის  გაკვეთილების ფარგლებში წერდნენ სტატიებს ვიკიპედიისათვის და ამ გზით ითვისებდნენ თეორიულ მასალას, ხოლო შეფასებას იღებდნენ სპეციალურად შემუშავებული სქემის შესაბამისად. ამ გზით ისტორიის სწავლება სახალისო გახდა მოსწავლეებისათვის, რაც მათ აკადემიურ მიღწევბზეც   დადებითად აისახა.

ჯაბა საგნის სწავლებასთან ერთად, ხელს უწყობს მოსწავლეების  თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებებისა და კულტურის პატივისცემის უნარების განვითარებას. მისი მოსწავლეები გამოირჩევიან როგორც საგნის სწავლის მაღალი მოტივაციით, ასევე ცოდნის გამოვლენისა და გამოყენების სურვილითაც და ამ მიზნით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში.  ჯაბას მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს 2015-2018 ქართულ-სომხური და ქართულ-ბაშკირული თანამშრომლობის ფარგლებში  გამართულ კონკურსებში, ასევე წარმატებული აღმოჩნდა მათი მონაწილეობა „ვიკი-ურალი“-სა და სხვა  ვიკი-პროექტებშიც. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჯაბა ზრუნავს სხვა სკოლის მოსწავლეების მედია-წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების განვითარებაზეც და ასწავლის ვიკი-ტექნოლოგიებს ვიკიპედიისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივ ბანაკებში. 2017 -2018 წელს  გამართული ვიკი ბანაკების ფარგლებში ინგლისურ და აფხაზურ ვიკიპედიაში მისმა მოსწავლეებმა სხვადასხვა სკოლებიდან ატვირთეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სტატიები, შესაბამისად, ქართულ (159 სტატია), ინგლისურ (19 სტატია) და აფხაზურ (18 სტატია) ენებზე, ხოლო ქართულენოვანი ვიკიპედიის სივრცეში განათავსეს ჯავის (152 სტატია), ახალგორის (334 სტატია), ცხინვალისა (209 სტატია) და ზნაურის (91 სტატია) მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ჯაბასთვის პრიორიტეტულია  არაფორმალური   განათლების განვითარება და  ამ გზით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საზოგაოდებისათვის. მან ხაშურისა და სურამის ორ ბიბლიოთეკაში  დააარსა ვიკი-კლუბი, კვირაში ერთი დღის განმავლობაში ის ხვდება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ასწავლის ვიკი-ტექნოლოგიებსა და ვიკიპედიაში სტატიების განთავსებას. უახლოეს მომავალში ჯაბა გეგმავს  ისტორიის ბიბლიოთეკა-არქივის მოწყობას,  რომელშიც თავმოყრილი იქნება მისი და მისი მოსწავლეების მიერ მაკულატურის ჩაბარების შედეგად  ნაყიდი წიგნები და სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალის ისტორიული მასალები.

ბიოგრაფია

ჯაბა ლაბაძე დაიბადა 1977 წლის 23 დეკემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერში. 1994 წელს დაასრულა სურამის მეორე საჯარო სკოლა და ამავე წელს გახდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 1999 წელს. 1994-2005 წლებში ასწავლიდა ქემფრის საჯარო სკოლაში. 2006-2008 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია, ხოლო 2008 წლიდან სურამის მეორე საჯარო სკოლის ჯერ საინფორმაციო მენეჯერი, ხოლო შემდეგ ისტორიის პედაგოგია. 2003 წელს იგი რაიონის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. ჯაბა ლაბაძე არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.