ირინა ჯვარშეიშვილი არის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი და საჯარო მმართველობის მაგისტრი, მოქალაქეობის X–XI კლასების გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი, პროექტები სამოქალაქო განათლებაში – „დამხმარე სახელმძღვანელოები მასწავლებლებისათვის“ – თანაავტორი. ქ. თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების/მე და საზოგადოების/ მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი; მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მეწარმეობის კლუბის მენტორი.
სწავლების პროცესში იყენებს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ მდგომებს, რათა ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას. არაფორმალური განათლების, პრაქტიკული სამუშაოსა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით მისი მოსწავლეები ხდებიან აქტიური შემოქმედები, დამოუკიდებლებად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები.
სკოლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის მიზნით, ირინა ახორციელებს მცირე საგრანტო პროექტებს ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბით. სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს სიმულაციურ და როლურ თამაშებს. ასევე, ქმნის ინკლუზიურ სასწავლო გარემოს. ამის მაგალითია 2026 წელს შექმნილი საწარმო „ტაქტილო“, რომელიც სენსორული დარღვევების მქონე ბავშვებისათვის მულტისენსორული წიგნების შექმნაზე მუშაობს.
მეწარმეობისა და მოქალაქეობის მიმართულებით არის არაერთი პროექტის გამარჯვებული მოსწავლეებთან ერთად. წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის „სამეწარმეო კონკურსი მოსწავლეებისათვის“ მისი მენტორობით მოსწავლეთა გუნდმა „ტაქტილომ“ მოიპოვა ჯილდო – საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი და ფულადი პრიზი მოსწავლეებისათვის. ასევე გაიმარჯვა პროექტში „ეს ქვეყანა შენია“, რის შედეგადაც სრულად აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია და სასწავლო რესურსები გადაეცა საჩუქრად სკოლას. მოსწავლეებთან ერთად შექმნილი და განხორციელებული აქვს 14 სხვადასხვა სახის მოსწავლეთა საწარმოს იდეა. ქმნის და ახორციელებს მრავალფეროვან პროექტებს სასკოლო საზოგადოებაში თემის ჩართულობით, მულტიკულტურული და მშვიდობიანი გარემოს შექმნის მიზნით, განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მქონე სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად იმუშავა მცირე საგრანტო პროექტზე „განათლება მშვიდობისათვის“. სხვადასხვა სკოლასთან, ორგანიზაციასთან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებზე. წელს პროექტული სწავლების ფარგლებში მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად განახორციელა სოციალური პროექტი „ერთად ერთი ნაბიჯი ცვლილებებისკენ“. შეაგროვეს წიგნები, სათამაშოები და სამაგიდო თამაშები, რომლებიც გადასცეს დღის ცენტრის სოციალურად დაუცველ, მზრუნველობას მოკლებულ და შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვებს. ამით ხელი შეუწყვეს მოხალისეობრივი კულტურისა და ქველმოქმედების მნიშვნელობის გააზრებასა და პრაქტიკაში განხორციელებას. ქმნის სასწავლო შემეცნებით რესურსებსა და თამაშებს კოლეგებთან და მოსწავლეებთან ერთად.
მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ღიად უზიარებს კოლეგებს საკუთარ პრაქტიკას და თანამშრომლობს მათთან. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში. მოქალაქეობის გრიფირებული და მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის შემდეგ 200-მდე პედაგოგს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. მოქალაქეობისა და მეწარმეობის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ აქცენტს პრაქტიკულ, პროექტულ სწავლებაზე აკეთებს. თემს თვალსაჩინოდ უჩვენებს საგნის პრაქტიკულ ღირებულებას მოსწავლეებთან ერთად შექმნილი სოციალური პროექტებისა და საწარმოების საშუალებით. ამგვარი აქტივობებით ამტკიცებს, რომ სამოქალაქო და სამეწარმეო განათლება აქტიური, პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ფორმირების უმთავრესი იარაღია.
მისი, როგორც მოქალაქის, როლი სკოლისა და თემის განვითარებაში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებით გამოიხატება. ადგილობრივ თემში მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს ინოვაციურ, სამეწარმეო ინიციატივებს, სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებს, რომლებიც რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს ახდენს. მათი განხორციელებით ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და სკოლის როლის გაძლიერებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.