ირა ძირკვაძე დაიბადა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში. 2002 წელს ეკომიგრანტის სტატუსით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში. 2017 წელს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სოფელში და დაიწყო მუშაობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებლად. ორივე საგანში სერტიფიცირებულია.
ირას პედაგოგიური პრაქტიკა ეფუძნება ხალისით სწავლებას. თვლის, რომ მოსწავლეს უნდა უხაროდეს სკოლაში ყოფნა. ცდილობს, საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვას. მისთვის მნიშვნელოვანია, გაკვეთილები დაგეგმილი იყოს მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით, ამიტომ ხშირად ატარებს გამოკითხვებს და ცდილობს, მათი უკუკავშირის გათვალისწინებით დაგეგმოს გაკვეთილები. მისი მოსწავლეები ჩართულები არიან დაგეგმვის პროცესში და აქვთ დავალებებისა თუ აქტივობების არჩევანის შესაძლებლობა.
ირა სკოლის ეზოში გაკვეთილების ჩატარების ინიციატორია, მისი აზრით, მოსწავლეს უნდა შევუქმნათ კომფორტული გარემო, სადაც სწავლების პროცესი იქნება საინტერესო და ეფექტიანი.
მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ერასმუსის გაცვლით პროექტებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში არიან ჩართულები. ისინი აქტიური მოქალაქეები არიან, წალკის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ სხვადასხვა სოციალურ პროექტს, თავად არიან მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვის ინიციატორები. ირას დიდი წვლილია ქართველი და არაქართველი ახალგაზრდების დაახლოებასა და დამეგობრებაში.
მუნიციპალურ დონეზე ირა თანამშრომლობს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან. ერთობლივად გეგმავენ სამუშაო შეხვედრებს და ახორციელებენ პროექტებს. ახალგაზრდა მასწავლებლებს ყოველთვის რთავს აქტივობებში, უზიარებს გამოცდილებას, რაც მათთვის სერიოზული მოტივატორია.
ირა ძირკვაძე აქტიურად თანამშრომლობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე საჯარო სექტორებთან, წერს და ახორციელებს პროექტებს, რითაც ეხმარება სკოლასა და სოფელს ფინანსების მოძიებაში. პროექტებში ჩართული არიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და მეზობელი სოფლების საჯარო სკოლის წარმომადგენლები. მისი პროექტით სკოლის ეზოში გაკეთდა საბავშვო მინიატრაქციონი, სკოლაში გაკეთდა მომავლის ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო მხატვრული ლიტერატურით. გუმბათის საჯარო სკოლაში შექმნილია სამი კლუბი: მეწარმეობის ლაბორატორია, ეკოკლუბი და კინოკლუბი. ამ კლუბების ერთ-ერთი ფასილიტატორი არის ირა.
სოფელში სასმელი წყალი არ არის, ირას პროექტითა და სენის დაფინანსებით სკოლისა და სოციალურ საწარმო „გუმბათის“ ეზოში შეიყვანეს სასმელი წყალი, რამაც არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი სოფლის მოსახლეობისთვის ნაწილობრივ მოაგვარა ეს პრობლემა.
ირა ძირკვაძე ასევე არის სოციალურ საწარმო „გუმბათის“ თანადამფუძნებელი. საწარმოს მისიაა წალკის მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯობესება ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით, ასევე ქართველი და არაქართველი მოსახლეობის ინტეგრაცია. 2020 წელს „გუმბათი“ წლის საუკეთესო სოციალური საწარმო გახდა. გარდა ამისა, ირა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრია და წალკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე მოხალისეობრივად მუშაობს.