სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის #2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და მუსიკის მასწავლებელია. მუშაობდა საჩხერის სოფელ სავანისა და არგვეთის სკოლებში, იყო საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ,,ანაბანას“ სტუდიის ხელმძღვანელი. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი და ამავე წლის ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის რაიონული ტიტულის მფლობელია. 2021 წელს კი საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მიენიჭა წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება.
ინგა Tech და ეკო-კლუბის ხელმძღვანელი, STEM სასკოლო ჰაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სასკოლო ღონისძიებების მუსიკალური რედაქტორია. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და დაინტერესების მიზნით, იყენებს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს, სიმულაციურ თამაშებს. ტექნოლოგიებისა და არდუინოს გამოყენებით ქმნის საგანმანათლებლო მრავალჯერად ციფრულ რესურსებს: ქიმიასთან ინტეგრირებული რესურსი ,,CaFe-KI” , ბლოგი ,,ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“, ვიდეოგზამკვლევი ,,ჰიდროპონიკა“. მიმართავს პროექტულ სწავლებას: ,,ხაზზე მავალი რობოტი“, „Obstacle Avoiding Car“ და ,,ლაბირინთი“. ბავშვები ეცნობიან Smart Robot Car-ის აწყობას და დაპროგრამებას. არიან ჰაკათონების გამარჯვებულები. CENN -ის პროექტისა და კეცხოველის კონკურსის ფარგლებში მიღებული გრანტების საფუძველზე ეკო-კლუბმა (ბიო+) სკოლის ეზოში მოაწყო რეკრეაციული ზონა და ველოპარკინგი, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.
როგორც CK12-ის პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული სკოლის წარმომადგენელს, სამუშაო შეხვედრა ჰქონდა საჩხერე-ჭიათურის ბიოლოგიის მასწავლებლებთან. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, სავალდებულო, კომბინირებული I-IV კლასის ბუნებისმეტყველების საგანში ატარებდა ტრენინგებს. კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირება, ამავე ცენტრის მეთორმეტე ფორუმში მონაწილეობა იყო გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბების, ეკო და მკვლევართა კლუბების ჩამოყალიბებას.
სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრა წლებია თანამშრომლობს პროფესორ დავით სონღულაშვილთან და სასწავლო პროცესში იყენებს მის ვირტუალურ-რეალურ ლაბორატორიას. ინგას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი -,,მხედველობის მოდელირება”, შედეგად, ინგა STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის ათეულის წევრი გახდა. საქართველოს უნივერსიტეტში STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალში წარდგენილმა პროექტმა ,,Smart Flow“, რომელიც შეიქმნა lopus.electronics -ის დამფუძნებელ დავით ყაველაშვილთან თანამშრომლობით, დაიმსახურა მესამე საპრიზო ადგილი და ინგა მოსწავლეებთან ერთად, საგანმანათლებლო ვიზიტით, გაემგზავრა ჟენევაში ცერნის ბირთვული კვლევების ლაბორატორიაში. პროექტი ემსახურებოდა ავტომატიზებული სარწყავი სისტემის შექმნას.
მნიშვნელოვანია ინგას, როგორც მუსიკის მასწავლებლის დამსახურება. მისი მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალურ კონკურში მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ. ალტე უნივერსიტეტში გამართულ შეჯიბრში “Technovation Girls Sakartvelo 2024” ინგა მოსიაშვილისა და სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ელისო აბრამიშვილის მენტორობით შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარება. აპლიკაციაში მათთვის მოცემულია ინფორმაცია კერძების კვებით ღირებულებაზე.
ინგა უფროსკლასელებს სახალისო და საპასუხისმგებლო აქტივობას სთავაზობს – გახდნენ ტუტორები და უმცროსკლასელებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გამზიარებლები. ინგა თვლის, რომ ამ ტიპის აქტივობები მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.