ივანე დიდებელი, ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლის „ახალი თაობა“ ინგლისური ენის მასწავლებელია. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობით. 2015 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2016 წელს გაიარა სტაჟირება გაერთიანებულ სამეფოში, ედინბურგის ენის აკადემიაში.
2018-2019 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის კურსს უძღვებოდა მოწვეული ლექტორის სტატუსით. 2012 წელს ჩაერთო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, ხოლო 2014 წლიდან დღემდე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელია. 2019 წლიდან ჩართულია დისტანციური სწავლების სახელმწიფო პროგრამაში. 2015 წლიდან თანამშრომლობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და მონაწილეობდა მოსწავლეთა შეფასების ისეთ საერთაშორისო კვლევებში, როგორიცაა PISA, PIRLS და ePIRLS. განათლების სფეროში აქტიურად ჩართვამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ასევე, იყო ჟურნალისტი.
ივანეს მთავარი სლოგანია: „ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას“. მიაჩნია, რომ სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განცდა , რომ მასზე ზრუნავენ, აღიქვამენ პიროვნებებად, პატივს სცემენ მათ აზრებს, ანიჭებენ ბედნიერებას, „აღმოუჩენენ“ ნიჭს, დაეხმარებიან მის განვითარებაში.
ივანე ყოველთვის ცდილობს მისი გაკვეთილები განსხვავებული, სახალისო, საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის. მისთვის პრიორიტეტია. არაფორმალური განათლება და სწავლების პროცესში არატრადიციული, მეთოდების გამოყენება, მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების განვითარება და სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება. ის ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს ინგლისური ენის და ზოგადად სწავლა-სწავლების მნიშვნელობაზე, მოჰყავს მაგალითები პირადი ცხოვრებიდან, ქმნის და აცნობს სხვადასხვა ტიპის რესურსებს, საკითხის შესწავლის, მოტივაციის ამაღლებისა და პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით. ასევე უძღვება სხვადასხვა სასკოლო კლუბებს, რომლებიც ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევაში.
ივანეს მოსწავლეების მოტივაცია მაღალია, ხოლო სწავლების დინამიკა მზარდი. თითოეული მათგანი ცდილობს მაქსიმალურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში და საკუთარი სასწავლო უნარები ბოლომდე გამოიყენოს. განსაკუთრებულ სიამაყეს გრძნობს, როდესაც მისი მოსწავლეები იმარჯვებენ ოლიმპიადებში და უმაღლესი ქულებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.
ივანე ფიქრობს, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, გამომწვევი, შემოქმედებითი, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც მოითხოვს მოტივაციას, შრომას, შემართებას, ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას და თვითგანვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას. ყოველთვის აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ამას მისი საქმიანობა „ავალდებულებს“ და თვლის, რომ კოლეგების, მშობლების, თემის წევრების მაქსიმალური ჩართულობით საკუთარი წვლილი შეაქვს თითოეული მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან, განვითარებულ და პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.