Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გიორგი ლიპარიშვილი

გიორგი ლიპარიშვილი

მე-6 საავტორო სკოლაში, ათასწლეულის სკოლასა და საერთაშორისო ქართულ სკოლაში ხელოვნებას ასწავლის, კრეატივის სკოლაში  – იდეების პრეზენტაციას, მამების სკოლაში – როგორ გახდნენ მამები უკეთესები, ონლაინ ასწავლის ქართულს  ქართველ ემიგრანტებს  ამერიკასა და აზიაში. სურს, მოძრავი სახელოსნო „ლიპარტით“ ქვეყანა სოფელ-სოფელ მოიაროს და ბავშვებს კეთებით გაკვეთილები ჩაუტაროს.

მისი სწავლების მთავარი მიზანი ფიქრის გაღვივება, აზროვნებისკენ ნაბიჯის გადადგმაა – ბუნების გაფრთხილება, ნარჩენების გადახარისხება, მეორადი მასალების გამოყენება და ახალი პროდუქტის შექმნა, ცდა და განვითარება – ეს მნიშვნელოვანია  საჭირო ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის. გაკვეთილებს თემატურ კვირეულებად აერთიანებს. სწავლების მეთოდს კკპპ-ს უწოდებს, რაც ნიშნავს კითხვას, კეთებას, პრობლემას, პროექტს (კითხვაში კითხვის დასმა, პასუხის ძიება, საკუთარი თავის ძიება, შესაძლებლობის პოვნა, ნაპოვნის განვითარება და ისევ ახლის ძიება იგულისხმება).

უსმენს მოსწავლეებს: „ამ გაკვეთილებს ხელოვნების კი არა ექსპერიმენტების გაკვეთილი უნდა ერქვას“, „მას, მე მინდა, თქვენ გამოვიდე“, „მინდა, სულ მეორე კლასში ვიყო, რომ სულ მასწავლოთ“. მათ ნააზრევს გულსა და გონებაში და ჰეშთეგში #სკოლელიბავშვები აერთიანებს. მოსწავლეების წერილებს რუდუნებით ინახავს. „ამ გაკვეთილზე თავს ბედნიერად ვგრძნობ“, „არცერთი გაკვეთილი ერთმანეთს არ ჰგავს“… ბავშვებს უყვართ, რასაც აკეთებენ, გრძნობენ, ბევრი შეუძლიათ, პროცესით ტკბებიან. 

ცდილობს, მასწავლებლობა  სასურველ და საინტერესო პროფესიად აქციოს. შეუძლია, უარი თქვას პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობაზე, მაგრამ უანგაროდ  ჩაატაროს გაკვეთილი სოფლის რომელიმე სკოლისთვის. მედიასივრცეში აქტიურობით, ვიდეობლოგებით იუთუბსა და ტიკტოკზე, ცდილობს, ყველას, ვისაც  სჭირდება, მიაწვდინოს ხმა.

პანდემიის დაწყებისთანავე, უფასო სასწავლო რესურსები შექმნა Youtube-ზე. აქვს ვიდეოგადაცემა. გადაცემაში წარადგენს წიგნს, ან  სახალისო აქტივობას ქართულში, ან – ვიდეოგაკვეთილს. ხელოვნების I-II კლასის წიგნში QR-კოდის სკანირებით  მის ვიდეოგაკვეთილებსაც იპოვით.

ერთ-ერთ სკოლაში მისი სასწავლო მეთოდებით დაიწყეს ხელოვნების სწავლება. სურს, ეს გამოცდილება სხვა მასწავლებლებსაც  უშურველად გაუზიაროს.


მისი მოსწავლეები  სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ. #ეკოგმირის კონკურსში, ერთ-ერთმა სკოლამ, ყველაზე კრეატიული სკოლის ჯილდო მიიღო, ბუნების დაცვასთან დაკავშირებით სლოგანების კონკურსში, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ამერიკიდან მისმა მოსწავლემ გაიმარჯვა.

სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურადაა ჩართული. ფეხბურთის სტადიონთან, კაცუნებისთავიანი ხის საკიდები გააკეთეს, სკოლაში შინაური ცხოველების მიყვანის დღე აღნიშნეს, სკოლის დერეფანში დაკარგული ნივთების ადგილი მოაწყვეს…

ცდილობს, საკუთარი თავის მაგალითი თვითონაც იყოს, თავს გაეჯიბროს, აჯობოს, იყოს მისაბაძი, ისწავლოს ბავშვებისგან და გაითვალისწინოს. ამიტომაც ბავშვებთან თამაშობს ფეხბურთს, ჭადრაკს, მაგიდის ჩოგბურთს, გამოცნობანას, დადის წიგნებითა და ჩემოდნებით, ეკოტრანსპორტითა და ფიქრებით, ყველგან ეძებს იდეებს, რომლებსაც გაკვეთილად და საქმედ აქცევს…