ელისო აბრამიშვილი

ელისო აბრამიშვილი

ელისო აბრამიშვილი 2008 წლიდან მუშაობს საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. 2014 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, პორტფოლიოების შერჩევის შედეგად ის მოხვდა ქიმიის მასწავლებელთა ხუთეულში და გაემგზავრა ქ. ვარშავაში, კოპერნიკის ცენტრში. ელისო პროფესიული საზოგაოდოებების აქტიური წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ელჩია.

ელისო აბრამიშვილის პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა. მოსწავლეთა ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის მიზნით იგი იყენებს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს. ქიმიის გაკვეთილებს ატარებს ლაბორატორიაში, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მისი მეთვალყურეობის ქვეშ თავად დაგეგმონ და განახორციელონ ექსპერიმენტები, განახორციელონ პროცესების მოდელირება და თეორიული ცოდნა დაუკავშირონ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ელისო მოსწავლეებთან მუშაობის დროს ცდილობს საგნობრივი ცოდნის გენერირებასთან ერთად დაეხმაროს მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევების განვითარებაში, რათა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, იყვნენ ემპათიურები და შემწყნარებლები. ელისოსთვის უმნიშვნელოვანესია მშობელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში. სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლის გააქტიურების მიზნით, ის იყენებს პროექტული სწავლების მიდგომებს და კლუბური მუშაობის პრაქტიკას.

ელისოს მოსწავლეები წარმატებული სტუდენტები არიან STEM-ის მიმართულებით სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მიერ მოსწავლეების ჩართულობით განხორციელებულმა პროექტებმა არაერთგზის დაიკავეს საპრიზო ადგილები ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში, მათ შორის MEF უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების ოლიმპიადაზე. აღსანიშნავია წარმატებული კვლევითი პროექტები: „მეორადი ნამწვი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა.”; „ფოსფორაპატიტის გამოყენება სტომატოლოგიასა და ძვლოვან ქირურგიაში“; „მენიუ კალორიებით – ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“.

მისთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო და პროფესიული საზოგადოების საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. ამ კუთხით, იგი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის აქტიური წევრია. კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მხრივ მან დანერგა შეხვედრების პრაქტიკა, რომლის დროსაც პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. კათედრის მასწავლებლებთან ერთად ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილებს, სოციალური ქსელით აქტიური კავშირი აქვს სხვა რეგიონის მასწავლებლებთან. თემის ჩართულობით ახორციელებს პროექტებს საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მას შემდეგ, რაც წარმატებით გაიარა საგნობრივი ტრენინგის 5 მოდული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გადაიღეს ფილმი „ელისო აბრამიშვილის წარმატების ისტორია’’, რომელმაც არაერთ პედაგოგს მისცა პროფესიული განვითარების სტიმული, ხოლო საზოგადოებას გააცნო მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა და მისი ძალისხმევის შედეგი.

ბიოგრაფია

ელისო აბრამიშვილი დაიბადა 1975 წლის 24 მარტს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში. 1993 წელს დაასრულა სარეკის საშუალო სკოლა. ამავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 2001წელს. 2008 წლიდან დღემდე ასწავლის საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში ქიმიას. 2016 წელს ის რაიონის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. ჰყავს ერთი შვილი.