ეკატერინე ჩიქოვანი

ეკატერინე ჩიქოვანი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკატერინე ჩიქოვანმა, პედაგოგიური გზა სკოლიდან დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კერძო სექტორში გადაინაცვლა. სწორედ იქ შეიმუშავა საავტორო კურსები – „იგავო თერაპია“ და „ვისწავლოთ გრამატიკა ხალისით“. მიღებული გამოცდილება სკოლაში დააბრუნა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი, როგორც მასწავლებლის, ხედვა და ბავშვების საჭიროებების ღრმა გაგება.

ეკატერინესთვის განათლება არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლის ემოციური და ინტელექტუალური მხარდაჭერაა. იგი ცდილობს, ქართული ენა და ლიტერატურა მოსწავლეებმა ყოველდღიურ ცხოვრებასა და კომუნიკაციაში გამოიყენონ. რთულ გრამატიკულ წესებს თამაშის, ვიზუალური ანალოგიებისა და ინტერაქციის დახმარებით ასწავლის, რაც საგნის მიმართ შიშს აქრობს. იგავებს კი ემოციური ინტელექტისა და კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად იყენებს. მათი ანალიზით პედაგოგი ბავშვებს საკუთარი ემოციების მართვასა და ისეთი კითხვების დასმას ასწავლის, როგორებიცაა: „ვინ ვარ?“, „რა მინდა?“ „რისთვის მინდა?”

როგორც პედაგოგი, ეკატერინე ამაყობს მოსწავლეების ლიტერატურული ხედვით, რომლის წყალობითაც ისინი სამყაროს სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ – უფრო ღრმად ამჩნევენ დეტალებს, უყალიბდებათ მაღალი ემპათიის უნარი, ხედავენ დღევანდელობის გამოწვევებს და შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიზნით ხშირად აორგანიზებს საგაკვეთილო დებატებსა და წერით აქტივობებს აქტუალურ თემებზე. ბავშვები სწავლობენ ესეების წერასა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დაცვას, რაც განუმტკიცებს რწმენას, რომ გამართული მეტყველება და წერა წარმატების მთავარი იარაღია.

გარდა ამისა, ეკატერინე გეგმავს კლასგარეშე შეხვედრებს, რომლებზეც მოსწავლეები განიხილავენ წიგნებს, ადარებენ ეკრანიზაციებს და კლასიკურ ნაწარმოებებს თანამედროვე სამყაროს უკავშირებენ. იგავებისა თუ სხვა ლიტერატურული პერსონაჟების გაანალიზებისას იგი იყენებს თეატრალიზებულ ელემენტებსაც; ბავშვები თავად ირგებენ გმირების როლებს, რაც მათ სამყაროს მრავალმხრივ აღქმაში ეხმარება. სასკოლო სივრცის მიღმა, ეკატერინე ჩიქოვანი არის „საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების“ (სგმგ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორგანიზაციის ფარგლებში ყოველდღიურად გვერდით უდგას კოლეგებს, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებენ. ეკატერინე აქტიურად არის ჩართული გაერთიანების საქმიანობაში: პირადად ატარებს პროფესიულ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის და ეხმარება სასკოლო გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებაში.

ეკატერინე აქტიურად და უწყვეტად არის ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ კამპანიაში, რომლებიც მასწავლებელთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში პედაგოგის პროფესიული სტატუსის ამაღლებას ემსახურება, და ხმამაღლა საუბრობს იმ გამოწვევებზე, პრობლემებსა თუ სოციალურ-სამართლებრივ საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც დღეს ქართველი მასწავლებლები დგანან. მისი მიზანია, თითოეულ პედაგოგს ჰქონდეს დაცულობის განცდა, რათა მათ შეძლონ, სრულფასოვნად და თავისუფლად განახორციელონ თავიანთი საგანმანათლებლო მისია.