სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია. 2011 წელს იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლის) ტრენერი, წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში ტრენერად თუ მონაწილედ, მათ შორის G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში დიმიტრი მათემატიკის მიმართულების ტრენერად მუშაობდა. იყო საგანმანათლებლო პლატფორმა CK12-ის ტრენერ-კონსულტანტი. 2019-2020 წლებში ორგანიზაცია DGSALT-ის და ტალინის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში – „ციფრული სკოლა საქართველო“ – დიმიტრი აქტიურად ეხმარებოდა სკოლებს ციფრული სტრატეგიების შექმნაში, რაც დღეს საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო კომპონენტია. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (ტექნოპარკი), როგორც ელექტროინჟინერიის ტრენერი და მენტორი.
ცდილობს, მუდმივად განვითარების პროცესში მყოფი სამყაროს მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეთა საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნას. ამის მაგალითია Windows 1:1 ელექტრონული სწავლების პროექტი, რომელიც მის სკოლაში, კომპანია Microsoft Georgia-ს მიერ, განხორციელდა 2012-2013 წლებში. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთათვის და პედაგოგებისთვის გადაცემული ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა ყველა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სასწავლო კონტენტის შექმნა, „შებრუნებული საკლასო“ ოთახის მოდელის გამოყენება, რომლისთვისაც მასწავლებლის სახლის მიერ, პედაგოგებისთვის ჩატარებული ტრენინგების დროს, დიმიტრის მიერ შექმნილი საგაკვეთილო სცენარები და ვიდეორესურსები გამოიყენებოდა.
მის სახელს უკავშირდება თავის მოსწავლეებთან ერთად წარმატებულად განხორციელებული არაერთი პროექტი. ამ მხრივ გამორჩეულია მისი, როგორც პროგრამის ელჩის, მრავალწლიანი თანამშრომლობა eTwinning-თან. მუდმივად ორიენტირებულია eTwinning-ის სივრცეში გააწევრიანოს პედაგოგები, ხელი შეუწყოს მათი პედაგოგიური მიდგომების გამრავალფეროვნებას და პროფესიის პოპულარიზაციას. გამოცდილების გაზიარების პროცესში მისი მოსწავლეები მონაწილეობდნენ კონფერენციებში, ატარებდნენ სამუშაო შეხვედრებს თანატოლებისთვის. დიმიტრის მოსწავლეები დღეს უკვე თავად უდგანან საგანმანათლებლო პროექტებს სათავეში, იმარჯვებენ კონკურსებში.
პედაგოგის პროფესიის მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში, Mikrosoft Georgia-ს გუნდთან ერთად, დიმიტრი გეგმავდა და ახორციელებდა ციფრული ხელსაწყოების საკლასო სივრცეში გამოყენებაზე ორიენტირებულ პროექტებს.
როგორც მესამე თაობის ეროვნული გეგმის მხარდამჭერი გუნდის წევრი, კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მხარდაჭერის მიზნით, ატარებდა ყოველკვირეულ შეხვედრებსა და ვებინარებს ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებული პედაგოგებისთვის. დიმიტრი პოპოვის წვლილი კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებაში კარგად ჩანს მისი მოსწავლეების მაგალითზე, რომლებიც დღეს ტექნოპარკის ბენეფიციარები არიან და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. ამ ეტაპისთვის მათი შესაძლებლობები გაკვეთილებზე მიღებული ცოდნით და დიმიტრის ხელმძღვანელობით განხორციელებულ არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩართულობით არის განპირობებული. ამ სფეროში საქმიანობით კი მომავალში საზოგადოებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავენ.