ლაურა ჯიმშელეიშვილი

ლაურა ჯიმშელეიშვილი

ლაურა ჯიმშელეიშვილისთვის სკოლა არის სივრცე, სადაც მოსწავლეები სწავლობენ კითხვების დასმას, კვლევას, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებას და იმის გააზრებას, რომ საკუთარი ცოდნით შეუძლიათ გარემოსა და საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა. სწორედ ამ რწმენამ განსაზღვრა მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა.

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. 2013 წლიდან არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი. იმავე წელს Microsoft-ის პროექტების კონკურსში მისმა პროექტმა „ჩიფსების თაობა“ საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო 2015 წელს მიიღო Microsoft-ის ექსპერტი მასწავლებლის სტატუსი. 2018 წლიდან ჩართული იყო ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ექსპერტის რანგში, ხოლო დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტებული ექსპერტია საგნობრივი მიმართულებით.

ლაურა ჯიმშელეიშვილი არის მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორი და დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის გზამკვლევის ავტორი. მისი პროფესიული საქმიანობა სცდება საკუთარი კლასის ფარგლებს. როგორც ტრენერ-კონსულტანტმა, ექსპერტმა და მენტორმა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები ჩაუტარა უამრავ მასწავლებელს, რითაც ხელი შეუწყო თანამედროვე სწავლების მიდგომების გავრცელებასა და პროფესიული თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას.

მისი პედაგოგიური პრაქტიკისთვის ამოსავალია კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, STEM და პროექტებით სწავლება (PBL). მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ შეიძინონ ცოდნა, არამედ ისწავლონ კითხვების დასმა, მტკიცებულებების მოძიება, მონაცემების ანალიზი და მიღებული ცოდნის გამოყენება რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

ამ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია ეკოკლუბ „ეკოლიდერების“ საქმიანობა, რომელსაც უკვე ათი წელია უძღვება. ამ პერიოდში კლუბის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც აერთიანებს სამეცნიერო კვლევას, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, ინოვაციასა და სამოქალაქო ჩართულობას. მისი ხელმძღვანელობით მკვლევართა კლუბში წლების განმავლობაში 80-მდე მოსწავლე ჩაერთო და კვლევითი უნარები რეალური პრობლემების შესწავლისა და გადაჭრის პროცესში განივითარა.

კლუბების საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სწავლების მისეულ ხედვას ნათლად ასახავს. პროექტში „ბიოპლასტიკი“ მოსწავლეებმა კარტოფილის ნარჩენებისგან შექმნეს ეკოლოგიური მასალა და მეცნიერების დახმარებით გარემოსდაცვით პრობლემაზე პრაქტიკული გადაწყვეტის მოდელი წარმოადგინეს. პროექტი „ჩვენი ფრთოსანი მეგობრები“ აერთიანებდა საველე კვლევას, ადგილობრივი ფრინველების ეკოლოგიური საჭიროებების შესწავლას, ნარჩენებისგან ბუდეების დამზადებასა და მათზე გრძელვადიან ზრუნვას. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროექტი „ენდემური ხორბალი და ბიოლოგიური საფუარი“, რომელიც საერთაშორისო ფორუმზე ვარშავაში წარადგინა, ხოლო კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებულმა პროექტმა „კოროზია“ მოსწავლეები საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გამოცდილებას აზიარა.

ლაურასთვის მთავარი მიღწევა არიან მოსწავლეები, რომლებმაც სკოლაში შეიძინეს კვლევითი კულტურა, პასუხისმგებლობის განცდა, გარემოზე ზრუნვის გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, ეკოტურნირებსა და სხვადასხვა გუნდურ თუ კვლევით პროექტში. არაერთმა მათგანმა პროფესია საბუნებისმეტყველო მიმართულებით აირჩია.

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ლაურა აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია „ბიოსთან“, CENN-თან, „საბუკოსთან“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ქსელთან და არის Science on Stage-ის ელჩი. 2024 წელს, ასოციაცია „ბიოს“ ფარგლებში, როგორც ექსპერტმა, შექმნა დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება.

ლაურა აქტიურად უწყობს ხელს სკოლაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას. მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, ჯანმრთელობის, ინკლუზიისა და სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების შესახებ, რითაც ხელს უწყობს ემპათიისა და პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას და ეხმარება მოზარდებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

მისთვის მასწავლებლის წარმატება იზომება იმ ადამიანებით, რომლებიც სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებას, პასუხისმგებლობით მოქმედებას და საკუთარი ცოდნით საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლას.