მაგდა მიქაბერიძე ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მენტორი მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. მისი პროფესიული გზა 2019 წლიდან, მაძიებლის სტატუსით დაიწყო და უწყვეტი განვითარების პროცესად იქცა. რეალური საკლასო გარემოს გამოწვევების საპასუხოდ, მან ილიაუნის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა, პარალელურად კი მუდმივად მონაწილეობდა პროფესიულ კონფერენციებსა თუ კვლევებში. 2026 წლის სულაკაურის გამომცემლობის რჩეულ მასწავლებლად დასახელდა.
მისი პედაგოგიური პრაქტიკა ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ, შემოქმედებით, ინოვაციურ მიდგომებს, რომლის დროსაც ფრონტალური გაკვეთილი ჩანაცვლებულია კეთებით, აღმოჩენებითა და თამაშით სწავლებით. მაგდასთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის უნიკალურობისა და ინდივიდუალური საჭიროების დანახვა – იქნება ეს აკადემიური, სოციალურ-ემოციური თუ ქცევითი გამოწვევები. დიფერენცირებული მიდგომების, სპეციალურად შექმნილი რესურსებისა და მოსწავლეთა ინტერესებზე დაკვირვების წყალობით, იგი ცდილობს თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას და სასწავლო პროცესში მათ სრულფასოვან ჩართვას.
მაგდა მიქაბერიძის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოდ აისახება მოსწავლეების მაღალ აკადემიურ და პიროვნულ პროგრესში. დიაგნოსტიკური ტესტირებებისა და პორტფოლიოების სიღრმისეული ანალიზი, სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკის პრაქტიკისა და დიზაინის კვლევის შედეგები მის მიერ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობას ადასტურებს. მისი მოსწავლეები აჩვენებენ მაღალ შედეგებს სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ სასკოლო „მათემატიკურ მარათონში“. განსაკუთრებით საამაყოა მისი ინიციატივით შექმნილი მასშტაბური პროექტი „წიგნების თარო“. ეს პროექტი უკვე მეოთხე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და საგრძნობლად გააუმჯობესა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების, გაწაფული კითხვისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.
მასწავლებლის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მაგდას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. 2019 წლიდან იგი ხელმძღვანელობს აქტიურ ონლაინ პლატფორმებს – ფეისბუქ ჯგუფებს „მასწავლებლები ერთმანეთის გზამკვლევად“ და „მაძიებელი მასწავლებლები“, რომლებიც ათასობით დამწყები თუ გამოცდილი პედაგოგის გზამკვლევია. უკვე სამი წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის დამოუკიდებელი პრაქტიკის კურსს ხელმძღვანელობს და მომავალ მასწავლებლებს პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს. აქვს youtobe არხი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის ვიდეოები. კოლეგებთან თანამშრომლობით შექმნა საავტორო კურსები, რეგულარულად გამოდის მომხსენებლად განათლების ფორუმებსა და კონფერენციებზე და ქმნის ინოვაციურ ციფრულ რესურსებს, რომლებსაც სხვადასხვა გზით უზიარებს კოლეგებს.
მაგდა მიქაბერიძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სასკოლო, ისე ადგილობრივი თემის განვითარებაში. იგი ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების ინტეგრირებულ კათედრას, ჩაატარა კათედრების მუშაობის ეფექტურობის კვლევა, ახლა კი ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელია, ასევე არის სკოლის თვითშეფასების ჯგუფის წევრი და აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან ერთობლივი ვორქშოპებისა თუ საავტორო პროექტების ფარგლებში, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას ემსახურება. მაგდას სამოქალაქო პოზიციის დამადასტურებელი მისი საქმიანობაა: მდგრადი განვითარების მიზნების საკლასო ოთახში ინტეგრირება, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ პროექტების განხორციელება თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოხალისეობრივ ინიციატივებში ჩართვა (მაგალითად, უფასო სასკოლო კვების მოთხოვნის კამპანია). იგი საკუთარი მაგალითით და მიზანმიმართული აქტივობებით ცდილობს მოსწავლეების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ყოფნა ახალი შესაძლებლობაა, რათა ხმამაღლა გააჟღეროს დაწყებითი განათლების მნიშვნელობისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლავს სწავლა-სწავლების პროცესს.