ბერგჰოფის ფონდის პროექტში დავით ჯანდიერს მოფერებით უწოდეს „ახალგაზრდული მუშაკი“. ეს მეტსახელი მიიღო, რადგან 2011 წლიდან მუდმივად აქვს კავშირი ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, თავდაპირველად – არაფორმალური განათლების გზით, ხოლო 2018 წლიდან – სკოლაში. არის ბანაკების უხუცესი ლიდერი, არავის ახსოვს, რამდენჯერ არის ნამყოფი ბანაკში. მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების წყალობით, განათლებას სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს. მუშაობდა სხვადასხვა საგნის მასწავლებლად, სპეციალურ მასწავლებლად, ექსპერტად და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. პროფესიულ საქმიანობაში მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
დავით ჯანდიერის პედაგოგიური პრაქტიკა ეყრდნობა ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და რწმენას, რომ ხარისხიანი სწავლება მოსწავლის პატივისცემასა და სიყვარულზე დგას. სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კვლევის მიმართულებას, ასევე მისთვის მნიშვნელოვანია კეთებით სწავლა და ცდილობს, სასწავლო პროცესი წარმართოს ერთი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნიდან მეორისკენ. მისი კიდევ ერთი ძლიერი მხარეა ფინანსური განათლება და ყოველ წელს აუცილებლად ერთ პროექტს მაინც ახორციელებს ამ მიმართულებით.
დავით ჯანდიერი ყველაზე მეტად ამაყობს იმით, რომ მისი მოსწავლეები იზრდებიან თავდაჯერებულ, თავისუფლად მოაზროვნე და სტერეოტიპებისგან ნაკლებად შეზღუდულ ადამიანებად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმასაც, რომ მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმართ წლების განმავლობაში არ ნელდება და მათი ჩართულობა ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად არ მცირდება. მისი აზრით, პედაგოგის მუშაობის შედეგი მხოლოდ აკადემიური მიღწევებით კი არ იზომება, არამედ სხვადასხვა უნარითა თუ ჩვევით – თუნდაც, ექსკურსიაზე წასვლის შემდეგ ავტობუსის მძღოლები ყოველთვის აქებენ მის მოსწავლეებს მოწესრიგებულობისთვის; კლასში ახლად გადმოსული მოსწავლის მშობელი მუდმივად ამბობს, რომ ისეთი განცდა აქვს, თითქოს მისი შვილი პირველი კლასიდან აქ სწავლობს, ხოლო მე-4 კლასის მოსწავლემ ერთხელ თქვა: „მე და საზოგადოება იმიტომ მიყვარს, რომ შემიძლია ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ!“
დავით ჯანდიერი მუდმივად იყო ჩართული შიდა სასკოლო თუ სახელმწიფო დონეზე მასწავლებლისა და ზოგადად, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და რეფორმების პროცესში, სანამ ეს მის ღირებულებებთან და ფასეულობებთან თავსებადი იყო. ასევე დავითს მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციასა თუ საგანმანათლებლო აქტივობაში. მუდამ აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან და აკავშირებდა სკოლებს საინტერესო პროექტებთან. გამოსარჩევია პროექტი კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესახებ სოფელ ქვემო ბოლნისის სკოლაში. მოსწავლეებისთვის იმდენად ფასეული იყო ეს რამდენიმე შეხვედრა, რომ დღემდე, ოთხი წლის გასვლის შემდეგაც, არ წყვეტენ ფასილიტატორებთან კონტაქტს. დავითი ყოველთვის ცდილობდა, გასცდენოდა თბილისის ცენტრს და შეძლებისდაგვარად გადაენაწილებინა საკუთარი რესურსი მათთვის, ვისაც ეს მეტად სჭირდება. ამ მომენტში ის მუშაობს სამაგიდო თამაშის შექმნაზე ტოლერანტობის თემაზე, რომელიც დაეფუძნა სოფელ ბუკნარის რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს. დავითი განსაკუთრებულად ამაყობს იმით, რომ უკვე სამმა მისმა ყოფილმა მოსწავლემ საგანმანათლებლო სფეროს დაუკავშირა საკუთარი კარიერა.
დავითი მუდმივად აქტიურობს სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებით, განსაკუთრებით აინტერესებს ცხოველების უფლებები, ადამიანის უფლებები, განათლებისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულება. იყო დრო, როდესაც თანამშრომლობდა სახალხო დამცველთან, საპარლამენტო კომიტეტთან, დღეს, მისი აზრით, ამ ყოველივეს აზრი არ აქვს და მეტ რესურსს უთმობს პროტესტს.