პირველი ეტაპი: ტექნიკური გადარჩევა

აღნიშნულ ეტაპზე, საორგანიზაციო ჯგუფი ამოწმებს განაცხადების შესაბამისობას ტექნიკურ მოთხოვნებთან. კონკრეტულად, რამდენად სრულად არის განაცხადი შევსებული (მაგ. რომელიმე ველი ხომ არ არის თავისუფალი, მითითებული არის თუ არა აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.), ხომ არ არის დუბლირება და ა.შ.

მეორე ეტაპი: ჟიურის მიერ აპლიკაციების შეფასება

აღნიშნულ ეტაპზე, ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ განაცხადებს შესაბამის კრიტერიუმებთან მიმართებით:

  1. მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა
  2. სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება
  3. ზოგადასაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება
  4. საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა
  5. პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება

დეტალურად კრიტერიუმების შესახებ იხ. www.tprize.ge/criteria/

თითოეული კრიტერიუმი ფასდება 1-დან 10 ქულამდე, სადაც 1 არის მინიმალური და 10 მაქსიმალური მაჩვენებელი. ყველა განაცხადი ფასდება მინიმუმ 6 შემფასებლის მიერ. შეფასებების გაერთიანების შემდგომ, გამოვლინდება უმაღლესი ქულების მქონე არანაკლებ 15 და არაუმეტეს 20 კანდიდატი. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატებს შორის განსხვავება აღემატება 15 ქულას, ჟიური ამ განაცხადებს აღარ განიხილავს და შეირჩევა ის მინიმალური რაოდენობა. მაგ. თუ მე-15 და მე-16 კანდიდატებს შორის განსხვავება არის 15, ჟიური შეარჩევს მხოლოდ 15 კანდიდატს.

შეფასების შემდგომ, შერჩეულ მასწავლებლებთან ჩატარდება გასაუბრება.

მესამე ეტაპი: გასაუბრება და საუკეთესო ათეულის გამოვლენა

გასაუბრების ეტაპზე, კონკურსის კრიტერიუმების მიხედვით, ჟიური კონსენსუსის წესით შეარჩევს საუკეთესო ათეულს. კრიტერიუმების გარდა, ჟიურიმ შესაძლოა გაითვალისწინოს სხვა დამატებითი საკითხებიც, მაგ. მასწავლებლის ხედვა სასკოლო განათლების პოლიტიკის საკითხებზე, ბავშვთა უფლებების შესახებ და ა.შ.

კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, ჟიური, ელექტრონული წესით, ხმათა უმრავლესობით გამოავლენს საუკეთესო ათეულს.

თითოეულ აპლიკანტთან გასაუბრებას უნდა ესწრებოდეს ჟიურის წევრთა მინიუმ 1/3. გასაუბრებები შესაძლოა ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ფორმატში.

მეოთხე ეტაპი: დისკუსია და ხუთი ფინალისტის გამოვლენა

აღნიშნულ ეტაპზე ჟიური იღებს გადაწყვეტილებას ხუთი ფინალისტის შესახებ.

ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ  ათეულის წევრების კონკრეტულ აქტივობაზე დაკვირვების და წინარე გასაუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებების  შედეგად. თემატურ საქმიანობას ათეულის წევრებს სთავაზობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. შესაძლო ჩამონათვალი:

  • ვებინარის ჩატარება წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე მოსწავლეებისა ან/და კოლეგებისათვის;
  • კონკრეტული მაგალითების/ქეისების წერილობითი თუ ზეპირი განხილვა;
  • პრეზენტაციის მომზადება სასკოლო განათლების პრიორიტეტულ საკითხებზე;

კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, ფინალისტების გამოვლენა ხდება ჟიურის ჩართული წევრების  ხმათა უმრავლესობით.

მეხუთე ეტაპი: ადგილზე ვიზიტები და გამარჯვებულის გამოვლენა

ბოლო, მეხუთე ეტაპზე ჟიურის წევრები ხვდებიან ფინალისტთა სკოლების წარმომადგენლებს – მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. შეხვედრები შესაძლოა ჩატარდეს როგორც პირისპირ ასევე ონლაინ ფორმატში.

ჟიური გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის წესით. კონსენსუსის არ არსებობის შემთხვევაში ჟიური, ელექტრონული წესით, ხმათა უმრავლესობით გამოავლენს გამარჯვებულს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

1 მარტი – 2021 წლის კამპანიის დაწყება

25 აპრილი – განაცხადების მიღების დასასრული

15 ივნისი – საუკეთესო ათეულის გამოვლენა

5 სექტემბერი – ხუთი ფინალისტის დასახელება

5 ოქტომბერი – გამარჯვებულის გამოვლენა