Search
Close this search box.
Search
Close this search box.

Live-მარათონი „წარადგინე შენი რჩეული მასწავლებელი“

Live-მარათონი „წარადგინე შენი რჩეული მასწავლებელი“

განათლების კოალიციის ინიციატივით და ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში Live-მარათონი „წარადგინე შენი რჩეული მასწავლებელი“ გაიმართა.

Live-მარათონის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრებმა, მხარდამჭერებმა, ათეულთა კლუბის მასწავლებლებმა და ცნობილმა ადამიანებმა ისაუბრეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და მოუწოდეს საზოგადოებას წარადგინონ მასწავლებლები.

ილიაუნი უკვე მეოთხე წელია მასწალებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერია და წელს, ის კონკურსის ოქროს სპონსორიც გახდა. ეს გულისხმობს კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების თუ ინიციატივების მეტად ხელშეწყობას. აღნიშნული კი თავის მხრივ, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და სკოლის განვითარების მიზნებს ემსახურება. ღონისძიებაზე ასევე გაცხადდა, რომ ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვს გამომცემლობა დიოგენე შემოუერთდა.

მარათონის მსვლელობისას მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ მიმდინარე ფეისბუკ ჩართვის კომენტარებში მოენიშნათ რჩეული მასწავლებლები და ამ სახით წაეხალისებინათ და წარედგინათ ისინი კონკურსში მონაწილეობისთვის.

მასწავლებლის  ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითიც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა ფართო საზოგადოებრივი აღიარება.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან: ლიბერთი ბანკი და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.