ნინო აბულაძე
ნინო აბულაძე დაიბადა 1973 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1999 წლიდან ასწავლის ისტორიას ქ. თბილისის #43-ე საჯარო სკოლაში.
მისი სწავლების მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებისათვის ისტორიის საგანი არ იყოს მოსაწყენი და მხოლოდ ფაქტებსა და თარიღების დაზეპირებაზე ორიენტირებული. ცდილობს სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გახადოს არქეოლოგიიური საქმიანობის, ტრადიციებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების დეტალების გაცნობით. ნინო საკუთარ მოსწავლეებს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ისტორია სამყაროს შემეცნებასა და მიმდინარე მოვლენების გააზრებაში.
იგი ცდილობს დიდი დრო დაუთმოს სკოლის გარე აქტივობებს, შემეცნებით ტურებს, ექსკურსიებს, სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტებს. განსაკუთრებით წარმატებულია მისი პროექტი, „რაა მამული?!“, რომელიც 2006 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ თბილისის უძველეს უბანს, სოლოლაკს და ეცნობიან ისტორიულ მოვლენებს. ამ მიზნით ნინო თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და კვლევით ორგანიზაციებთან და იყენებს მათ რესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში. აღნიშნულმა პროექტმა საერთაშორისო აღირებაც მოიპოვა.
ნინო აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას, როგორც თავის საგაკვეთილო პროცესში, ისე მთლიანად სკოლაში. ამისათვის ნინო, უპირველეს ყოვლისა, აქტიურად მუშაობს საკუთარ პროფესიულ ზრდაზე, ხოლო დაუფლებულ ცოდნასა და გამოცდილებას ენთუზიაზმით უზიარებს თავის კოლეგებს სკოლასა და სოციალურ ქსელში. მისი ერთ-ერთი ინოვაციაა მოსწავლეებთან ერთად, კომპიუტერული თამაშ Minecraft-ში საქართველოს რეგიონებისა და ძეგლების აგება და One note- ის სასწავლო რესურსი მსოფლიო ისტორიაზე.
2017 წელს ნინომ გამოსცა ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც არაერთ მოსწავლეს დაეხმარა საატესტაციო გამოცდების უკეთ ჩაბარებაში. ამჟამად მუშაობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე. ასევე, აქტიურად არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ტრენერ-ინსტრუქტორად და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პროცესში გამსწორებლად.
თავისი საქმიანობით ნინომ კოლეგებში მაღალი ავტორიტეტი და მოსწავლეთა გამორჩეული პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა.
ვლადიმერ აფხაზავა
ლადო აფხაზავა დაიბადა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.
ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.
სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ლადო ბევრს აკეთებს არამხოლოდ საკუთარი მოსაწავლეებისათვის, არამედ მთლიანად სკოლისათვის. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად.
მის საქმიანობას მუდმივად გამოარჩევს დევიზი „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება მისი, როგორც პედაგოგიური მიდგომა, ასევე სამოქალაქო აქტივიზმი. აქედან გამომდინარე მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ის გულგრილად არასდროს ტოვებს ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს, თანამშრომლობს სოციალურ სამსახურებთან, აქტიურად ეწინააღმდეგება სკოლის მოსწავლეთა სამუშაოებზე წასვლას თურქეთში და სასწავლო პროცესიდან მათ მოწყვეტას.
აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც. მუდამ მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და თანადგომა გამოუცხადოს სხვა პედაგოგებს.
თეა ნონიკაშვილი
თეა ნონიკაშვილი დაიბადა 1978 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში. 1997 წელს დაამთავრა ქ. გორის სამედიცინო სასწავლებელი, მედდის სპეციალობით, ხოლო 2002 წელს, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით.
1999 წლიდან დღემდე არის ბიოლოგიის მასწავლებელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში. ასევე ასწავლის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში.
თეას მიზანია ბავშვებს შეაყვაროს საბუნებისმეტყველო საგნები, გაუღვივოს მათ ცნობისმოყვარეობა და კვლევითი უნარები და იმავდროულად დაანახოს ამ საგნების სწავლების პრაქტიკული და ყოფითი მხარე. სხვადასხვა პროექტების საშუალებით, თეა ცდილობს ბიოლოგიის სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახადოს. მისი მოსწავლეები ქართულად თარგმნიან სასწავლო რესურსებს, იღებენ ვიდეოფილმებს და იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებში, მონაწილეობენ სამეცნიერო პიკნიკებში, ფლობენ ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას, მუშაობენ სხვადასხვა გრანტების მოძიებაზე და ყოველწლიურად აუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას.
საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, 2008 წელს მან შექმნა სამეცნიერო კლუბი ბიოლოგიის მიმართულებით. მოსწავლეებთან და კოლეგა მასწავლებლებთან ერთად ატარებს საინტერესო ექსპერიმენტებს, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებს; ასევე, თანამშრომლობენ სხვა სკოლების მსგავს კლუბებთან. თეა ნონიკაშვილის და მისი მოსწავლეების ერთ-ერთი წარმატებული პროექტის მაგალითია „დაუნის სინდრომი და საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და განიხილეს მისი გამომწვევი მიზეზები.
2010 წელს თეა ნონიკაშვილი გახდა „საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსის ავტორი მასწავლებელი“, ხოლო 2013 წელს მოიპოვა Microsoft-ის ექსპერტ-მასწავლებელის ჯილდო. 2014 წელს, ბარსელონაში გამართულ მასწავლებელთა საერთაშორისო ფორუმზე მიენიჭა ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის ტიტული.
ჰყავს მეუღლე.
ნათია ფურცელაძე
ნათია ფურცელაძე დაიბადა 1987 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბაღდათში. დაამთავრა ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა. 2010 წელს მიენიჭა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (თსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მაგისტრის წოდება. იყო აქტიური სტუდენტი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. პარალელურად, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2010 წლიდან მუშაობს კერძო სკოლაში „ქორალი“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2012 წლიდან არის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
თავისი პედაგოგიური საქმიანობის ფარგლებში იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ბავშვებს შეაყვაროს ლიტერატურა, გაუღვივოს კრიტიკული აზროვნება და აზიაროს კაცთმოყვარეობის ღირებულებებს. ამ მიზნით სკოლის ბაზაზე შექმნა კლუბი „წიგნიერი“ რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად ტარდება შეხვედრები მოსწავლეთათვის საინტერესო სტუმრებთან, ლიტერატურული განხილვები და თეატრალიზებული წარმოდგენები. მოსწავლეთა ჩართულობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, ნათიას თითოეულ მოსწავლესთან აქვს ინდივიდუალური მიდგომა, იცნობს მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. ამისათვის ის ხშირად ატარებს გამოკითხვებს და მიღებული შედეგების საფუძველზე ცდილობს პროგრამის მოსწავლეზე მორგებას და სწავლის პროცესის ნაყოფიერების გაზრდას. აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან და რთავს მათ სხვადასხვა აქტივობებში.
აღსანიშნავია, რომ პიროვნული თვისებებითა და თავდაუზოგავი პროფესიული საქმიანობით, იგი გამორჩეული როლური მოდელია, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე კოლეგებისა და მშობელთათვის. ნათია აქტიურად ერთვება და, ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობს, სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებში და ყოველთვის მხარში უდგას კოლეგებს.
პარალელურად ჩაბმულია სამეცნიერო კვლევებში და დაკავებულია მთარგნელობითი საქმიანობით. 2016 წელს გამომცემლობამ „არტანუჯი“ გამოსცა მისი თარგმანი – „გრიგოლ რობაქიძის წერილები სტეფან ცვაიგს“.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ეკა წულუკიძე
ეკა წულუკიძე დაიბადა 1981 წლის 27 თებერვალს. 1998 წელს დაამთავრა მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლა. 1998-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა.
1999 წლიდან დღემდე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. სკოლა, სადაც 40 – მდე მოსწავლე სწავლობს, მოშორებულ, მაღალმთიან სოფელში მდებარეობს. მძიმე კლიმატური და სხვა პირობების გამო ბავშვებსა და მასწავლებლებს ბევრი სირთულეების გადალახვა უწევთ.
ეკას მიზანია სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადოს და იმავდროულად ბავშვებს გაუხალისოს ყოველდღიური ყოფა. მისი ძალისხმევა სცილდება საკლასო ოთახში განხორციელებულ აქტივობებს. უკვე მრავალი წელია აქტიურად ცდილობს მოსწავლეებს დამატებითი საგანამანათლებლო საქმიანობები შესთავაზოს. 2012 წელს მან ჩამოაყალიბა სამოქალაქო კლუბი „ცოდნა ძალაა“, 2016 წლიდან შექმნა ეკო კლუბი „Green Space”, სადაც მოსწავლეები ცოდნას იღრმავებენ გარემოს დაცვის მიმართულებით და პატარა ასაკიდან ეჩვევიან გარემოზე ზრუნვას. ეკა, ასევე, ხელმძღვანელობს ლიტერატურულ კლუბს „ჯინსების თაობა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და ხელს უწყობს წიგნიერების ამაღლებას. მისი ძალისხმევით ბავშვები ებმებიან სახალისო და შემეცნებით საქმიანობებში და აუმჯობესებენ სასწავლო შედეგებს. 2013-2014 წლებში მას მოპოვებული აქვს რამდენიმე მიკრო გრანტი, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ფარის სასკოლო ბიბლიოთეკა.
სოფლად ახალგაზრდების მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის მან შეკრიბა გუნდი და ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“, რომელიც ხელს უწყობს მათ ადგილზე დასაქმებას, პროფესიული განათლების მიღებასა და თემის პრობლემების მოგვარებას.
2017 წელს მოსწავლეებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დააფუძნა სოციალური საწარმო „მზეკო“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ასაკის გოგონები (მათ შორის სკოლის მოსაწავლეები) და ქალბატონები ეუფლებიან ხელსაქმეს, კერვასა და ტრადიციული მეთოდით მატყლის დამუშავებას. წელს „მზეკოს“ პროდუქცია „სვანეთობის“ ფესტივალზე უკვე იყო გამოფენილი.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ოთხივე მათგანი სოფელ ფარის საჯარო სკოლაში სწავლობს.