2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ როლანდმა ხულოში, მაღალმთიან აჭარაში დაიწყო ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა. მას შემდეგ, როლანდი გამუდმებით ცდილობს თავის მოსწავლეებს დაანახოს ახალი შესაძლებლობები და მათ ამ შესაძლებლობების გამოყენება ასწავლოს.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა მგალობლიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი, მიხეილ ლაბარტყავა, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, სოფიო ძიგრაშვილი და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი ირა ძირკვაძე.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.