უტა (ტოლია) კილასონია სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლია. მასწავლებლობაზე არ უფიქრია, თუმცა, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში არსებული ვაკანტური ადგილის დაკავება მას შესთავაზეს უარი არ უთქვამს. უკვე 6 წელია სკოლაშია და დღემდე ფიქრობს, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მისი პედაგოგიური პრაქტიკის გამორჩეულობა ძირითადად მის ინოვაციურობაში მდგომარეობს. სასწავლო პროცესში მის მიერ გამოყენებული აქტივობები მიმართულია შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავებასა და განვითარებაზე მოსწავლეებში. ამას ბევრი სხვადასხვა მიდგომის დახმარებით აღწევს: პროექტების განხორციელება; პრაქტიკაზე და პრობლემის გადაწყვეტაზე დაფუძნებული სწავლება; აზროვნების ფორმების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდების შემუშავება. უტას პრაქტიკაშია ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთლები და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს წიგნიერების, მედიაწიგნიერების და ციფრული წიგნიერების კომპეტენციების განვითარებას. გარდა ფორმალური განათლებისა, იგი დიდ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ აქტივობებს. დაყავს ბავშვები მუზეუმებში, ტექნოპარკებში, ლაშქრობებზე, უკვე რეგულარული ფორმა მიიღო მასთან მოსწავლეების არასაგაკვეთილო დროს მეცადინეობებმა.
ერთობლივი ძალისხმევით უტას და მის მოსწავლეებს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ. აღსანიშნავია მათი გამარჯვება ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში და პროექტში „გეოლოგიური საფრთხეები“, რისთვისაც ჯილდოდ NASA-ში გამგზავრება მიიღეს. იქიდანაც ისინი არანაკლებ შთამბეჭდავი შედეგებით დაბრუნდნენ და ადგილზე გამართულ კონკურსებში პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უტას მოსწავლეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ გამოყენებასაც უძებნიან- ისინი სკოლისა და საზოადოებისთვის საჭირო მოწყობილობებს თვითონ ქმნიან. დირექციასთან შეთანხმებით დამოუკიდებელად მუშაობენ ლაბორატორიაში, სადაც სკოლისთვის შექმნეს საბარათო სისტემა, ციფრული ვოლტმეტრი და ამპერმეტრი. ინტეგრირებული გაკვეთილების დამსახურებაა ისიც, რომ უტას მოსწავლეებმა შექმნეს ისეთი ხელსაწყოს პროტოტიპი, რომელისაც შეუძლია წინასწარ გვამცნოს მეწყერის მოახლოება.
მიუხედავად მცირე პედაგოგიური სტაჟისა იგი აქტიურად თანამშრომლობს მის რეგიონში მდებარე სკოლების მასწავლებლებთან, უტარებს მათ კონსულტაციებს საგაკვეთილო პროცესის მეთოდებსა და აქტივობებზე და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. უტას ორგანიზებით სულ ახლახანს მისმა სკოლამ უმასპინძლა კონფერენციას “გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სხვა პედაგოგები და განათლების სფეროს უამრავი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
ტოლია (უტა) კილასონია დაიბადა 1989 წლის 19 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში. 2006 წელს დაამთავრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლა. ამავე წელს გახდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა 2010 წელს. 2011–2013 წლებში მუშაობდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად და პროგრამირების ჯგუფის ხელმძღვანელად წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა – გიმნაზიაში. 2011 წლიდან დღემდ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა – გიმნაზიაში (სენაკი) – IT – მენეჯერის თანამდებობაზე. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზიაში და შპს “ სხივი“-ში STEM ჯგუფის ხელმძღვანელად. 2016 წლიდან დღემდე კი ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალიში STEM ჯგუფის ხელმძღვანელად. 2018 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკულის სკოლა პროგრესის ბათუმის ფილიალიში STEM ჯგუფის ხელმძღვანელად. 2013 წლიდან დღემდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტად. 2018 წლიდან დღემდე ზუგდიდის ტექნოპარკში STEM ტრენერი. 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. უტა კილასონია არის 2017 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურში გამარჯვებული ჯგუფის მენტორი. 2016 წელს სასკოლო ჰაკათონში გამარჯვებული გუნდის მენტორი. 2018 წელს მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდის მასწავლებელი.