2010 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. 2013 წელს გახდა მაგისტრი.
2013 წლის მონაწილეობა მიიღო პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ შესარჩევ კონკურსში. გაანაწილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად.
სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მან დაიწყო პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. 2014-2015 სასწავლო წელს სადახლოს N1 საჯარო სკოლაში ატარებდა სამოქალაქო განათლების ბილინგვურ გაკვეთილებს. 2015 წელს ჩააბარა ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა.
2015 წელს მუშაობა დაიწყო მარნეულის N2 საჯარო სკოლაში. არაქართულენოვან სექტორზე ასწავლის ქართულს, ხოლო ქართულ სექტორზე, სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიას.
2017-2018 სასწავლო წელს ჩაერთო „საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების“ პროგრამაში. განახორციელა პროექტი: „გავიცნოთ ევროპა ახლოს“, რომელიც გახდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კონკურსის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებული. სასწავლო ვიზიტით 4-8 ივნისს იმყოფებოდა ესტონეთში.
თემური უწყობს ხელს სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირებას მოსწავლეებში, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. თუ გავიხსენებთ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს, დაკარგულ ტერიტოერიებს და რეალობას, უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მასწავლებლები ყოველდღიურად ხელს უწყობდნენ ტოლერანტი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მისი მიზანმიმართული, სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით, ის მოსწავლეებისთვის გახდა მოდელი, როგორც ორი ქვეყნის მოქალაქე და შვილი, როგორ უნდა გიყვარდეს, გესმოდეს და ზრუნავდე სამშობლოზე.
თემურ სუყაშვილი უპირატესობას ანიჭებს ჯგუფური მუშაობას, კეთებით სწავლას, თანამშრომლობით და პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას, როლურ თამაშებსა და არაფორმალურ განათლებას.
სამოქალაქო განათლება გახდა ყველაზე პოპულარული გაკვეთილი სკოლაში. მანამდე ბავშვები მოსაწყენად და უინტერესოდ თვლიდნენ ამ საგანს. გააძლიერა თვითმმართველობა სკოლაში, ჩაუტარა ტრენინგები და აქტიურად ერთვება მათ საქმიანობაში. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გახდა იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც ყოველდღიურად უწევთ ყოფნა.
პედაგოგიური საქმიანობის პოპულარიზაციისთვის შექმნა ბლოგი, რაც მნიშვნელოვან რესურსად იქცა კოლეგებისთვის. ყოველ სასწავლოს წელს თემური მუშაობს სტუდენტ-პრაქტიკანტებთან და მაგისტრებთან.
თემში გავრცელებულია უამრავი სტერეოტიპი. მისი საქმიანობა არაფორმალური განათლების მიმართულებით ემსახურება თემის განვითარებას. ცდილობს გოგონების როლის გაზრდას. ამ მიზნით ჩამოაყალიბა საზაფხულო სკოლა, რომელიც ემსახურებოდა ლაშქრობებში გოგონების აქტიურ ჩართვას. კოლეგასთან ერთად ხელმძღვანელობს გოგონების საფეხბურთო გუნდს, რომელიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპორტულ აქტოვობაში.
ქვემო ქართლში ბავშვთა შრომა პრობლემად რჩება. თემურმა დაიწყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება და კოლეგებთან ერთად განახორციელა პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“, რომელიც ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი კულტურის დანერგვას ემსახურებოდა. ამ პროექტმა უბიძგა მის მოსწავლეებს აქტიურობისკენ. ისინი ერთად დადიოდნენ მარნეულის სხვადასხვა საჯარო სკოლებში და უზიარებდნენ თანატოლებს გამოცდილებას.
ბიოგრაფია
თემურ სუყაშვილი დაიბადა 1989 წლის 01 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში. 2006 წელს დაამთავრა ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრული საშუალო სკოლა და ამავე წელს გახდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 2010 წელს. 2011-2013 წლებში სწავლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. 2013-2015 წლებში ასწავლიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში ქართულს, როგორც მეორე ენასა და სამოქალაქო განათლებას. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში. არაქართულენოვან სექტორზე ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას, ხოლო ქართულ სექტორზე სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიასა და ისტორიას. 2015-2018 წლებში ასრულებდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერის ფუნქციას. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. პარალელურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. არის ააიპ „ჰერეთის კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოება – ქურმუხელის“ დამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე.